მამნიაშვილი: ვატო შაქარიშვილმა სახეში 5-6-ჯერ დამარტყა ხელი, წიხლი — ფეხში

პუბლიკა

„მთავარი არხის” ჟურნალისტი, გიორგი მამნიაშვილი „ტვ პირველთან” ვატო შაქარიშვილისა და გოგა ხარინდრავას მხრიდან მასზე თავდასხმის დეტალებს ყვება.

მამნიაშვილს ისინი ფიზიკურად 5 აპრილს, ქაშვეთის ტაძარის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუსწორდნენ.

როგორც ამბობს, მას ტვინის შერყევა და სხეულის სხვადასხვა არეში დაბეჟილობები აქვს.

თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც მამნიაშვილმა შაქარიშვილსა და ხაინდრავას „მონა” დაუძახა. ჟურნალისტის თქმით, ასე იმიტომ მოიქცა, რომ შაქარიშვილის მიერ პროკურატურაში შეტანილი სარჩელის საფუძველზე ფონდების ანგარიშები დააყადაღეს.

„დავუძახე მონა, რის შემდეგაც ვატო შაქარიშვილი გადავიდა ფიზიკურ ძალადობაზე, სახეში დამარტყა ძლიერად დაახლოებით 5-6-ჯერ და წიხლი დამარტყა ფეხში”. – უთხრა მან „ტვ პირველს”.

ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ტელეარხს უყვება, რომ სამართალდამცველებმა, რომლებიც ახლოს იყვნენ, თავდამსხმელები არ დააკავეს და მიმდებარე ტერიტორიას თავად გიორგი მამნიაშვილი განარიდეს.

„ჩვენით მივედით თაბუკაშვილის პოლიციის განყოფილებაში, სადაც გამოძიება არ იყო დაწყებული, დავწერეთ შესაბამისი განცხადება. მიუხედავად იმისა, რომ დროულად მივაწოდეთ ინფორმაცია, რამდენიმე საათი დასჭირდა პოლიციას, რომ გამოკითხვის ოქმის საბოლოო ფორმა ჩამოეყალიბებინა.

გამოკითხვისას მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, რომ შემთხვევის ადგილას იყო არაერთი კამერა, მეტიც, დაახლოებით 15 მეტრში იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელსაც ფოტო გადავუღეთ და თუ მისი ბორდის კამერა მუშაობს, ფუნქციური და გამართულია, ისიც დააფიქსირებდა ამ ფაქტს.

არანაირი მსვლელობა საქმეს არ მისცემია, გარდა გამოკითხვისა”. – ამბობს ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას” უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.