მამუკა გორგოძემ 20-წლიანი სარაგბო კარიერა დაასრულა

პუბლიკა

საფრანგეთში „ტოპ 14-ის“ სეზონის ჩაშლის გამო, რამდენიმე თვით ადრე დასრულდა მამუკა გორგოძის კარიერა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ადრე განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ სარაგბო კარიერას დაასრულებდა, თუმცა საფრანგეთის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაიშალა.

საფრანგეთში სპორტული ტურნირების შეწყვეტის გამო, გორგოძეს სეზონის დასრულების შანსი აღარ მიეცა. მამუკა გორგოძემ, როგორც საქართველოს რაგბის კავშირი წერს, თავისი ბოლო მატჩი 2019 წლის 30 ნოემბერს გამართა, მას შემდეგ ტრამვის გამო გარკვეული პერიოდი გამოტოვა, მოგვიანებით კი ტურნირი პანდემიის გამო შეჩერდა.

ნაკრების ყოფილი კაპიტანი რაგბის კავშირთან ინტერვიუში ამბობს, რომ, თუ შესთავაზებენ და სათანადო სპორტულ ფორმაში იქნება, შესაძლოა, საქართველოში მხოლოდ ერთ მატჩში მიიღოს მიიღოს მონაწილეობა, თუმცა ესეც დამოკიდებულია, რამდენ ხანში აღდგება სპორტული ტურნირები.

მამუკა გორგოძეს საქართველოს ნაკრებში 75 მატჩი აქვს ჩატარებული. არის ნაკრების საუკეთესო მელელოვე – 27 ლელოთი და მსოფლიო თასის ოთხგზის მონაწილე. მსოფლიო თასზე მამუკა გორგოძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ 4-ჯერ დაასახელეს, მათ შორის, ინგლისისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებთან.

მამუკა გორგოძე არის საქართველოს 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენი და 6-გზის საუკეთესო მორაგბე. რაგბის კავშირის მიხედვით, მას ევროპის წამყვან საკლუბო ტურნირებში (ტოპ 14, ჩემპიონთა თასი, ჩელენჯ ქაფი) 300-მდე მატჩი აქვს ჩატარებული.