მამუკა ხაზარაძე მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „თბს ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის მამის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე მხარეებმა რეპლიკები უნდა წარმოთქვან. სიტყვის უფლებით პირველად ბრალდების მხარემ ისარგებლა.

ბრალდების მხარე შეეცადა, დაემტკიცებინა, რომ საქმეში არსებობს დანაშაულის ნიშნები და რომ ბრალდებულებმა უკანონო შემოსავლების რეალიზება მოახდინეს.

პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, საქმეში ოთხი წინააღმედგობაა: ეს არის დაცვის მხარის არგუმენტი, თითქოს სესხი იყო ხანდაზმული; თითქოს თანხის ეროვნულ ვალუტაში კონვერტაცია განხორციელდა იმის გამო, რომ აკრძალული იყო უცხოურ ვალუტაში გადარიცხვა; არსებობდა ჯენტლმენური შეთანხმება; თითქოს „მარტელო ჯგუფის“ შემოსვლა იყო რეალური ოპერაცია. ბრალდება ამტკიცებს, რომ ეს კომპანია ოფშორულია.

პროკურორის ხანგრძლივ გამოსვლას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. ბრალდებულებმა მას სიტყვა შეაწყვეტინეს და ტყუილში დაადანაშაულეს, რის შემდეგაც მამუკა ხაზარაძე სასამართლო დარბაზიდან გააძევეს.

„სამი წელია, თქვენგან ამ სისულელეს ვისმენ. მატყუარა ხართ“, – მიმართა ბრალდების მხარეს ბადრი ჯაფარიძემ.

„მაგ სიმართლით იარეთ თქვენ… ამ ბოდვას წერტილი დაუსვით. სამი წელია ბოდავთ… ვის ელაპარაკები ზრდილობაზე? რამე არ შეგეშალოს!… ეს არის დასახური სასამართლო! გონზე ხარ, რეებს ლაპარაკობ შენ? გგონია, ციხეში წასვლის მეშინია?! გავალ, ეს არ არის სასამართლო, ბიძინას მონები ხართ თქვენ!“, – მიმართა მამუკა ხაზარაძემ პროკურორებსა და მოსამართლეს.


ე.წ. „ხაზარაძე – ჯაფარიძის“ საქმეზე 2019 წლის 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა ფულის გათეთრების მუხლით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.

პროკურატურის მტკიცებით, ხაზარაძემ, ჯაფარიძემ და წერეთელმა ერთობლივად და მოტყუებით სს „თიბისი ბანკიდან” დიდი ოდენობის თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს, რის შემდეგაც, მათი წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, რეალური მფლობელისა და ნამდვილი ბუნების დაფარვის მიზნით, უკანონოდ მოპოვებული თანხის ლეგალიზაცია მოახდინეს.

დაცვის მხარის პოზიციით, ორივე ბრალდება აბსურდია – ფულის გათეთრებაც და ბანკის მოტყუებაც.