„გამოგვიშვეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ მოხდეს დაპირისპირება, მოხდეს ე.წ. შავი ნიაღვრისა და პიარის გადმოსხმა, რაც არ გამოუვათ“, – განუცხადა ჟურნალისტებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მას შემდეგ, რაც ციხე დატოვა.
დღევანდელი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მოულოდნელი, რადგან იცით, რომ ჩვენ შეგნებულად წავედით ამ ნაბიჯზე. მე და ბადრი ჯაფარიძე არ ვეთანხმებით იმ მოცემულობას, რაც ქვეყანაშია შექმნილი. ეს არის არალეგიტიმური პარლამენტი; ეს არის მიტაცებული პარლამენტი; ეს არის მიტაცებული პრეზიდენტის სავარძელი. მიუხედავად იმისა, რომ მან დღეს შეწყალებით გამოგვიშვა ( გასაგებია, რომ მე მადლიერების გრძნობა არ მაკლია), ეს არის მუხანათური, პირდაპირ ვიტყვი, ძალიან ბინძური საქციელი, როცა ჩვენი თანამებრძოლები იმავე მუხლით, ზუსტად იმავე ე.წ. დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს.
ჩემი და ბადრი ჯაფარიძის დღეს გამოშვება, რომელსაც აბსოლუტურად არ ველოდებოდით და ჩვენ აქ 8-თვიანი ვადის ამოწურვას ველოდებოდით… გამოგვიშვეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ მოხდეს დაპირისპირება, მოხდეს ე.წ. შავი ნიაღვრისა და პიარის გადმოსხმა, რაც არ გამოუვათ…“, – განაცხადა ციხის დატოვების შემდგომ მედიასთან საუბრისას მამუკა ხაზარაძემ.
ხაზარაძე ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება პარტიის მხრიდან უკვე მიღებულია.
„გადაწყვეტილება არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული აქვს „ძლიერ საქართველოს“. სწორედ დღევანდელი გადაწყვეტილება პრეზიდენტის იმაზე მეტყველებს, რომ აურზაური და დაპირისპირება შემოიტანოს ოპოზიციურ ფლანგზე. მინდა, გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ტაქტიკა გვაქვს სხვადასხვა, მიზანი გვაქვს ყველას ერთი – ეს მიზანია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ახალი საპარლამენტი არჩევნების დანიშვნა, სინდისის პატიმრების გათავისუფლება.
ამ მიზნისთვის „ძლიერ საქართველოს“ არც ერთი წამით არ უღალატია, და ამ ბრძოლას გააგრძელებს. ყველას პატივს ვცემ, მაგრამ გადაწყვეტილებას მივიღებთ დამოუკიდებლად… არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მაშინ მივიღეთ, როცა უკვე ციხეში ვისხედით“, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.
„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა , მიხეილ ყაველაშვილმა პარტია – „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა.
როგორც ყაველაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, „მიუხედავად სხვადასხვა გარემოებისა, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება“.