მამუკა ხაზარაძე: შეთანხმებაზე უარი გიორგი გახარიამ თქვა

პუბლიკა

გიორგი გახარიასთან კოალიციურ გაერთიანებაზე ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს. ხაზარაძის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისინი გარკვეულ პირობებზე შეთანხმდნენ, რაზეც გახარია თავდაპირევლად თანახმა იყო, თუმცა მოგვიანებით უარი თქვა მათ შესრულებაზე და მოლაპარაკება ჩაშალა.

„გუშინ, პრზიდენტთან შევთანხმდით კონკრეტულ გეგმაზე, რომელიც კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ და გახარიას პარტიას თანასწორ პირობებში აყენებდა. გეგმის მიხედვით, ჩვენ გავერთიანდებოდით ნომერი 9-ის ქვეშ და დავდებდით პირობას, რომ არასდროს შევუწყობდით ხელს „ქართული ოცნების” მთავრობის შექმნას, დავასრულებდით ანაკლიის პორტის პროექტს დასავლური ინვესტიციებით, რაც შექმნიდა ათასობით სამუშაო ადგილს. ამ ახალი გაერთიანების მართვა ასევე მოხდებოდა სრული პარიტეტით.

მე ეს შეთანხმება განვიხილე კოალიციის პარტნიორებთან, მათ კი სრულად დამიჭირეს მხარი. ჩემი მზაობა ხელმოწერასთან დაკავშირებით გუშინვე დავაფიქსირე მედიასთან. დღეს, მზად ვიყავი, პრეზიდენტის რეზიდენციაში ხელი მომეწერა ამ შეთანხმებაზე.

15:00 საათზე გახარიამ დამირეკა და მითხრა, რომ ის ჩვენს შეთანხმებაზე უარს ამბობდა. მან მაშინვე გაავრცელა განცხადება სოციალურ ქსელში ამის თაობაზე. საღამოს კი პრეზიდენტის წინ უარი განაცხადა გუშინ შეთანხმებულ პირობებზე. მისი მთავარი არგუმენტი, ბატონი ცუცქირიძის მიერ ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემული ინტერვიუ იყო, რაც ამ მოლაპარაკებებში არასერიოზულად გამოიყურება. ვწუხვარ რომ ჩვენი განხილვები დასრულდა.

მე ახლაც მზად ვარ, ხელი მოვაწერო თავდაპირველ შეთანხმებას. გახარიას კი ამ შეთანხმების ჩაშლის გამო მოუწევს, თავად აუხსნას ამ პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა უარი ეთქვა ამ ნაბიჯის გადადგმაზე“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

დღეს გახარიას პარტიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ როგორც ჩანს, კოალიცია „ძლიერ საქართველოში“ კონსენსუსს ვერ მიაღწიეს და მოლაპარაკება ამის გამო ვერ შედგა.

„ჩვენ გვერდზე გადავდეთ ჩვენი პარტიული ინტერესები და ყველაფერი დავთმეთ, სანაცვლოდ მეორე მხარემ ითხოვა ვადა შიდა კოალიციური შეთანხმებისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მეორე მხარემ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია. საარჩევნო დრო კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად უკვე შეზღუდულია, შესაბამისად, ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა“, – ნათქვამი იყო პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებაში.