მამუკა ხაზარაძემ კახა კალაძეს სასამართლოში უჩივლა 

პუბლიკა

პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში კახა კალაძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

კორძაძის თქმით, ხაზარაძე კალაძეს ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო უჩივის და მერისგან გავრცელებული არასწორი ცნობის უარყოფას მოითხოვს.

თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თქვა, რომ მამუკა ხაზარაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ბინძურ საქმეებს აკეთებდა, ხალხს აუბედურებდა და ბიზნესებს ართმევდა.

ზვიად კორძაძის თქმით, ეს სწორედ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი განცხადებაა.

„სასამართლოს ვთხოვთ, ბატონ კალაძეს დაავალოს აღნიშნული ცნობის უარყოფა.

ამ ბოლო დროს, წარმოებაში მიღების საკითხი ასეთი ტიპის სარჩელებზე ცოტა სხვანაირად ხდება, კანონის შეუსაბამოდ. დაველოდოთ, რა მოხდება, ყველანაირი საფუძველი არსებობს, განცხადება სახეზეა, საკანონმდებლო ნორმები სახეზეა, რომელიც ბატონ მამუკას ამის საშუალებას აძლევს, დანარჩენს, დაველოდოთ სასამართლოს მხრიდან”. – თქვა ადვოკატმა.