მამუკა მდინარაძე: გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება 

პუბლიკა

„ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, „ანტიეროვნული ჭორებია, რომ „ქართული ოცნება” ქვეყნის გაერთიანებას აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით და ქვეყნის კონფედერაციულ მოწყობაზე გადაყვანით აპირებს”.

მდინარაძის განცხადებით:

„1. საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს! ერთიანი საქართველოს იდეა, ეს არის ჩვენი ქართული ოცნება, რომელიც აუცილებლად ახდება!

2. არანაირი აღიარება და მსგავსი ანტიეროვნული საკითხები არ განიხილება! მათ შორის, გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ასევე ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას!

3. ვინც და რა გზებითაც არ უნდა განიზრახოს ამ ქვეყნის ომში ჩართვა, საქართველო დეოკუპაციას განახორციელებს მხოლოდ მშვიდობით, განვითარებით, შერიგების და ურთიერთმიტევების გზით!”


საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ლაპარაკი „ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.

მმართველი პარტია აცხადებს, რომ სწორედ ის არის საქართველოში მშვიდობის გარანტი.

ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო შეხვედრების დროს არაერთხელ გაიმეორა, რომ მათ სჭირდებათ საკონსტიტუციო უმრავლესობა და მაღალი ლეგიტიმაცია, ვინაიდან „ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად” და რომ „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით, შერიგებისა და ურთიერთშენდობის საფუძველზეა შესაძლებელი”.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო მმართველებმა პასუხად არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველომ მათი დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს.

კონფედერაციის საკითხი პირველად 2024 წლის 7 მარტს გაჟღერდა, როცა „დროამ” გაავრცელა ინფორმაცია და კადრები, რომლის თანახმადაც, რუსეთთან დაკავშირებული ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი „ქართული ოცნების” დეპუტატს, გია ვოლსკის შეხვდა – საუბრის ერთ-ერთი თემა სწორედ „აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფედერაცია” იყო. ეს ინფორმაცია ვოლსკიმაც დაადასტურა და თქვა, რომ იდეა ხიდაშელისგან წამოვიდა.

2024 წლის 26 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს გადის „ერთგვარ მოსეს გზას“, რომელიც აუცილებლად მიიყვანს ქვეყანას „აღთქმულ მიწამდე“.

„ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლისთავზე – 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“, – თქვა მაშინ ირაკლი კობახიძემ.

პასუხად ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ თქვა, რომ „არ აპირებენ ამ სახელმწიფოსთან კონფედერაციის ან რაიმე სხვა ურთიერთობის საკითხების განხილვას”.