მამუკა მდინარაძე IRI-ის კვლევაზე: მათი კონტრაქტორები ყალბ მონაცემებს დებენ

პუბლიკა

„ბოლო დროს წარმოდგენილ მსგავს კვლევებს  ერთი უცნაურობა ჭირთ – პირველი, უკვე ტრადიციად იქცა, რომ, სამწუხაროდ, არ ვიცით ვინ ატარებს საველე სამუშაოებს. თუ საველე სამუშაოების ჩამტარებელი ქართული ორგანიზაცია ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას როგორიც IRI-ია  მიაწოდებს ყალბ და არასწორ მონაცემებს,  კვლევის შედეგები, განსაკუთებით, „რატომღაც“ მისი პოლიტიკური ნაწილი, ასევე არასწორი იქნება“, – განაცხადა პარლამენტის  თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ ახალი კვლევის შედეგებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, კვლევის შედეგების სხვა ნაწილთან დაკავშირებით, შეიძლება, მეტ-ნაკლებად მიახლოებული მონაცემები იყოს, მაგრამ პოლიტიკურ ნაწილთან დაკავშირებით იქნება არასწორი მონაცემები იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც  IRI-ის კონტრაქტორები თუ ქვეკონტრაქტორები არიან და რომელთა ვინაობაც არ არის ცნობილი,  ყალბ მონაცემებს დებენ და ეს ყალბი მონაცემები რეალობას და ქვეყანაში არსებულ მოსახლეობის განწყობას, როგორც წესი  და როგორც ბოლო დროს ხდება ხოლმე არ ემთხვევა.

„ამიტომ, პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები. თუ ეს არის, მაგალითად ipm,  რომელიც გულშემატკივრობს ხოლმე, მაგალითად, „ევროპულ საქართველოს“, მაშინ გასაგები იქნება ყველაფერი, რატომაც არის მსგავსი მონაცემები. თუმცა, ამ კვლევაშიც კი, ტენდენცია ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერა არის გაზრდილი, მაგრამ მხოლოდ ტენდენცია  საკმარისი არ არის. მოსახლეობა იმსახურებს  იცოდეს რეალური მონაცემები  და რეალური განწყობები“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.​

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა ახალი ეროვნული მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

კვლევის თანახმად შემდეგ კვირას საპარლამენტო არჩევნები რომ იყოს, ამომრჩეველთა  „ქართულ ოცნებას“ ხმას 33% მისცემდა.

________________________

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი – 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.