საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ არჩილ თალაკვაძესა და ბექა ოდიშარიასთან, რომლებიც ამ მოწვევის პარლამენტში დეპუტატები იყვნენ, „სერიოზული კონსულტაციები“ მიმდინარეობს და ამის გამო ისინი პარტიის 170-კაციან სიაში ვერ მოხვდნენ. მისივე თქმით, ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია, რომ თალაკვაძე მინისტრის მოადგილე ხდება.
„არჩილ თალაკვაძე რამდენად პროფესიონალი კადრია, გარდა იმისა, რომ ჩვენი ერთგული თანამებრძოლია, ეს ყველამ იცით. არჩილ თალაკვაძესთან მიმდინარეობს ძალიან სერიოზულ თემაზე კონსულტაციები, რისი თქმის უფლება, ჯერჯერობით, სანამ ეს შეთანხმება არ მოხდება, ბუნებრივია არ მაქვს. ასევე, არიან სხვა ადამიანები, მაგალითად ბექა ოდიშარიასთან მიმდინარეობს ასეთი კონსულტაციები კონკრეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით და ა.შ. მაგალითად ხატია წილოსანი, რომლის სურვილიც იყო და ჩვენი შეთავაზებაც, უფრო სწორად, კიდევ უფრო დავაკონკრეტოთ, პრემიერის შეთავაზება ერთ-ერთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე დიპლომატიურ სამსახურში“, – ამბობს მდინარაძე.
ცნობისთვის, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს გამოაქვეყნა 170-კაციანი პარტიული სია.