ავთო ბილანიშვილის, მეტსახელად „კაწროს“ გამოკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროში დასრულდა. ჟურნალისტებთან კომენტარი მხოლოდ მისმა ადვოკატმა თამარ აბესაძემ გააკეთა. მისი თქმით, ბილანიშვილმა წარადგინა უწყებაში მტკიცებულებები, რომ ის იმ საღამოს უბნიდან არ გასულა.
„ავთანდილ ბილანიშვილმა მოიხადა თავისი მოქალაქეობრივი ვალი იმ გავრცელებული, ამაზრზენი ინფორმაციის საპასუხოდ. გამოცხადდა სამინისტროში, წარადგინა ის მტკიცებულებები, ამონაწერი, მათ შორის ტელეფონის დეტალური, საიდანაც დასტურდება, რომ ის იმ პერიოდში არ გასულა საერთოდ უბნიდან.
მინდა გაცნობოთ, რომ ზუსტად ახლა, ამ წუთში დაადგინეს ის თეთრპერანგიანი პირი რომელზეც ამბობდა „მთავარი არხი“ რომ ეს არის კაწრო. სახელი და გვარი ჩემთვის უცნობია, “- ამბობს თამარ აბესაძე.
მისივე თქმით, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებულ პირებს ავთო ბილანიშვილი საერთოდ არ იცნობს.
გუშინ ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ და „ფორმულამ“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ნაჩვენებია, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი უცნობ პირს, რომელიც მიკროავტობუსიდან ჩამოდის. ის ამირხანაშვილს რამდენიმე წუთი ესაუბრება. „მთავარი არხის“ მტკიცებით, სწორედ ეს ადამიანი იყო ავთო ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს მყვინთავებმა წყალში იპოვეს. მისი დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე მიმართა.
როგორც შემდგომ დადგინდა გიორგი შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც მომხდარი ჩხუბის შემდეგ თბილისიდან ჩასული ახალგაზრდების ჯგუფმა მცხეთა-თბილისის გზაზე წვეულების მონაწილეთა დევნა დაიწყო. სწორედ ამ ღამეს უჩინარდება გიორგი შაქარაშვილი.
ამ დროისთვის დაკავებულია 17 ბრალდებული, თუმცა მკვლელობის კვალიფიკაცია ჯერჯერობით არ არსებობს. შსს-ში აცხადებენ, რომ მუხლები შესაძლოა ექსპერტიზის შემდეგ დამძიმდეს.