„მან სცადა ისეთი რამ, რის გამოც აღარ დაიმსახურა პასუხი“ - კობახიძე პოლოლიკაშვილზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილმა დაიმსახურა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის [UNWTO] გენერალური მდივნის პოსტიდან გამოწვევა. მისი მტკიცებით, ის სახელმწიფო ინტერესებს დაუპირისპირდა:

„პასუხს უნდა იმსახურებდე, იმისთვის, რომ შემდეგ ამაზე პრეტენზია გამოთქვა. როცა ვიღაც ცდილობს, საქართველოს ხელისუფლებას თავში ჩაარტყას, მერე პრეტენზია არ უნდა გქონდეს, რომ არ გპასუხობენ. მან სცადა ისეთი რამ, რის გამოც აღარ დაიმსახურა პასუხი და დაიმსახურა მისი კანდიდატურის გამოწვევა. ის დაუპირისპირდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს“, – თქვა კობახიძემ ზურაბ პოლოლიკაშვილზე.

მისი თქმით, უფრო მეტ განმარტებას არ გააკეთებს, რადგან საქმე ეხება ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ იკავებს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას წლის ბოლომდე. კობახიძის განცხადებით, მათი მხრიდან „ქვეყნის ღალატი იქნებოდა ამ კანდიდატურის არგამოწვევა“.

ზურაბ პოლოლიკაშვილმა გუშინ თქვა, რომ სამ კვირაზე მეტია კობახიძესთან დაკავშირებას ცდილობს. მისივე განცხადებით, თვითმფრინავში ნახა „deep ვირთხების გადაწყვეტილება“.

„ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ… 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგერთვებით. მანამდე ის, რომ ეს ჩემი სურვილი იყო ან ჩემთან შეთანხმებული, არის დიდი ტყუილი. კარგი იქნება, თუ კობახიძე ახსნის, რატომ გააკეთა ეს.

3 კვირაა და მეტი ვწერ, ვურეკავ და იმალება, გამოვიდეს და თქვას, რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა! მე არ წარმოვადგენ არც deep state-ს და არც გლობალურ ომის პარტიას – მე ვარ ქართველი, გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივანი“, – მისწერა ზურაბ პოლოლიკაშვილმა „ფორმულას“.


„ქართული ოცნების“ მთავრობა ადასტურებს, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე [UNWTO] ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა გაიწვია და მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს. ისინი აცხადებენ, რომ „სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის გამო მოიხსნა”.