მანდატების დათმობის მიუხედავად, შეთანხმების შემთხვევაში, შესაძლოა, ოპოზიცია პარლამენტში მაინც შევიდეს

პუბლიკა

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში ოპოზიციური პარტიების ნაწილმა პარტიული სიებისა და უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით მემორანდუმს ხელი მოაწერა.

მათთან ერთად არ არიან „მოქალაქეები“, „პატრიოტთა ალიანსი“, „რესპუბლიკელები“ და „გირჩი“.  „მოქალაქეები“ ამბობენ, რომ მოლაპარაკების დასრულებამდე მანდატებზე უარის თქმას არ აპირებენ.  ბოიკოტს უერთდებიან, თუმცა, რა პროცედურას გაივლიან, ჯერჯერობით, არ გადაუწყვეტია „გირჩის“ სიის სამ წევრს – ხვიჩიას, მეგრელიშვილს და რაქვიაშვილს. საარჩევნო ბლოკში – „ძალა ერთობაშია“ – შემავალმა „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, რომ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, მაგრამ მანდატების დათმობაზე ხელს მოლაპარაკების პროცესის დასრულების შემდეგ მოაწერენ.

რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას: რა იქნება მოლაპარაკებების მაგიდაზე მათი ბერკეტი, თუკი ერთადერთი, რის დათმობაც შეეძლოთ, (ანუ პარლამენტში შესვლა), ამაზე ოფიციალურ უარს ამბობენ? რა პირობაზე უნდა დაელაპარაკოს ხელისუფლება ოპოზიციას, თუკი ის მის ხელთ არსებულ მთავარ ბერკეტს თმობს?

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, თუ ხელისუფლება მოდის ყველა დათმობაზე, რიგგარეშე არჩევნები ინიშნება და, შესაბამისად, ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნებას აზრი ექნება, ოპოზიცია დაბრუნდება. „ამაზე შევთანხმდებით. 3 და 4 თვეში, თუ ახალი არჩევნები იქნება, დაბრუნება აზრს კარგავს, მაგრამ ამის აუცილებლობა თუ დადგება, სამართლებრივად ესეც შესაძლებელია”. – ამბობს ის „TV პირველთან“.

ამასთან ერთად, უგულავას თქმით, აქამდე თუ ბოიკოტს აპირებდნენ, ახლა ბოიკოტი ოფიციალურად გაფორმდება და ქვეყანას ექნება ერთპარტიული პარლამენტი.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუძის თქმით კი, დღეს მანდატების დათმობის  აქტის მიუხედავად, „ოპოზიცია შევა პარლამენტში იმ შემთხვევაში, თუ მოხდება შეთანხმება ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით, ამის სივრცე და სამართლებრივი შესაძლებლობა რჩება.”

შეკითხვაზე, მანდატების შეჩერების შემთხვევაში როგორღა ხედავს მოლაპარაკებებში კონსენსუსის და მათთვის მისაღები შედეგის მიღწევის შესაძლებლობას გვიპასუხა:

„მანდატების გაუქმების შემდეგ ეს სივრცე დარჩება თუ არა, ვერ გეტყვით. მანდატების უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ ეს უკვე შეუძლებელი იქნება. ადამიანი როცა დატოვებს პარლამენტს, როგორც დეპუტატი, დაბრუნება  სამართლებრივად შეუძლებელი იქნება, თუმცა, სანამ ეს ყველაფერი გაფორმდება, ჯერ კიდევ არსებობს დრო.  ამ პროცესის ფორმალიზების შემდეგაც არსებობს სივრცე იმისთვის, რომ მოხდეს ამ ქვეყანაში ამ პოლიტიკური კრიზისის ჩაქრობა”.

პარტია  „მოქალქაეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, კი ის პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს მანდატების გაუქმებას ხელს აწერენ და თან მოლაპარაკებების გაგრძელებას გეგმავენ, სამარცხვინოდ იქცევიან.

„მე რასაც ვფიქრობ და რაც სწორად მიმაჩნია ქვეყნისთვის იმას ვაკეთებ, რომ ქვეყანამ გამართული საარჩევნო სისტემა მიიღოს. ხოლო როდესაც ეს პოლიტიკოსები მაინც შემოვლენ პარლამენტში, როგორ უნდა შემომხედონ თვალებში, როგორ უნდა შეხედონ ხალხს?“- ამბობს ელისაშვილი „პუბლიკასთან” საუბრისას.

მმართველი პარტიის ერთ-ერთ ლიდერის, ბექა დავითულიანს თქმით, კი „ქართულ ოცნებას” აქვს ნება, ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით გააგრძელოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან, მიუხედავად იმისა, გააუქმებენ თუ არა ისინი მანდატებს.

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის აზრით, უფლებამოსილებაშეწყვეტილი დეპუტატის მანდატის აღდგენა ისეთი საკითხია, რომელსაც ბევრი კითხვის ნიშანი აქვს, თუნდაც ეს პროცედურულად გამართულად გაკეთდეს.

ჩვენ გვქონდა მაგალითი, – ამბობს ის – როდესაც 2009  წელს კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება და დეპუტატებს მიეცათ მანდატების აღდგენის შესაძლებლობა, თუმცა დღეს კონსტიტუციის შეცვლისთვის საკმარისი ხმების რაოდენობა არ არსებობს.

მენაბდე ამბობს, რომ ახლა შესაძლებელია პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებით იმავეს გაკეთება, მაგრამ „თავისთავად მანდატის აღდგენის საკითხი კონსტიტუციურ-სამართლებრივია და მისით უნდა რეგულირდებოდეს”.

მენაბდე დასძენს, რომ ნებისმიერი არაკონსტუციური ნორმა იქამდე იმოქმედებს, სანამ მას საკონსტიტუციო არ გაუქმებს, თეთრზე შავიც რომ ეწეროს, „ასე რომ, სამართლებრივს ვერ დავარქმევთ, მაგრამ ტექნიკურად გაუქმებული მანდატების აღდგენა შესაძლებელია”. – ამბობს ვახუშტი მენაბდე.