მანდატებზე უარის თქმის შესახებ პარლამენტს მივმართავთ მოლაპარაკების დასრულების შემდეგ - რესპუბლიკელები

პუბლიკა

„საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, ბლოკთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს და არ შედის პარლამენტში. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

„ჩვენ, „რესპუბლიკელები“ ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია არ შევდივართ პარლამენტში, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიას ეს 2 მანდატი მოგვანიჭა ძირითადად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველმა.

ამავე დროს, რადგან გრძელდება მოლაპარაკებების პროცესი საერთაშორისო ფასილიტაციით და მასში მონაწილეობა მნიშვნელოვანია შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით, ჩვენს მიერ ხელმოწერილი განცხადებებით საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის თაობაზე პარლამენტს მივმართავთ დაუყოვნებლივ ამ პროცესის დამთავრების შემდეგ.

ცხადია, ვითვალისწინებთ ხელისუფლების აშკარა მცდელობებს, რომ ოპოზიციაზე თავდასხმებით ხელი შეუშალოს პროცესს და მთელი პასუხისმგებლობა გადაიტანოს ოპოზიციაზე და ვაცნობიერებთ, რომ სულ უფრო ვიწროვდება სივრცე მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევისთვის. ბოიკოტის რეჟიმის პარალელურად ვაგრძელებთ ამ პროცესის მხარდაჭერასაც“, – ამბობენ პარტიაში.


დღეს, 11 დეკემბერს, 12:00-ზე საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყება. ახალარჩეული პარლამენტი, ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის პირობებში, შენობის შესასვლელთან აღმართული რკინის ბარიერების და საპროტესტო აქციის ფონზე შეიკრიბება.

პარლამენტის პირველ სხდომას მხოლოდ ერთი პარტიის, „ქართული ოცნების“ 90 დეპუტატი დაესწრება. სხდომა ტექნიკურ საკითხებს დაეთმობა, მასზე საპარლამენტო თანამდებობებზე დასამტკიცებელ დეპუტატებს უყრიან კენჭს – აირჩევენ სპიკერებს, კომიტეტის თავმჯდომარეებს.

ახალარჩეული პარლამენტის I სხდომის პარალელურად, 12:00-ზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში, ოპოზიციური პარტიების ნაწილი საქართველოს პარლამენტში პარტიული სიების და უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავაშირებით მემორანდუმს ხელს მოაწერენ.

მათთან ერთად არ იქნებიან „მოქალაქეები“, „პატრიოტთა ალიანსი“ და სავარაუდოდ, „გირჩი“. მათგან მხოლოდ „მოქალაქეებს“ არ უთქვამთ, რომ მანდატებზე უარის თქმას აპირებენ. ლევან იოსელიანს მიაჩნია, რომ ეს მოლაპარაკების პროცესის საბოტაჟი იქნება. ცალსახად ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, თუმცა რა პროცედურას გაივლიან, ჯერჯერობით, არ გადაუწყვეტია „გირჩის“ სიის სამ წევრს – ხვიჩიას, მეგრელიშვილსა და რაქვიაშვილს.