„მანდატური უფლებამოსილია, არ დაუშვას სხდომის დარბაზში მობილური" | რა წერია დადგენილებაში

ნათია ამირანაშვილი

„სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია არ დაუშვას სასამართლო სხდომის დარბაზში მობილური ტელეფონის შეტანა და შესთავაზოს მფლობელს, აღნიშნული ტექნიკური საშუალებები გადასცეს დროებით შესანახად მანდატურს“, – ვკითხულობთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 17 ივლისის დადგენილებაში.

„საერთო სასამართლოებში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის უკანონოდ განხორციელების პრევენციის წესის დამტკიცების შესახებ” – დადგენილება რამდენიმე მუხლისგან შედგება, მათ შორის საუბარია იმაზე, რომ სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია არ დაუშვას სასამართლო სხდომის დარბაზში მობილური ტელეფონის შეტანა, ასევე სხვა ტექნიკური საშუალების.

„სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია არ დაუშვას სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალების (მობილური ტელეფონის, აგრეთვე – სხვა ისეთი ნივთის ჩათვლით, რომელიც, ერთი შეხედვით, არ წარმოადგენს ამგვარ ტექნიკურ საშუალებას, თუმცა ვიზუალური დათვალიერების შედეგად აჩენს ვარაუდს, რომ მას გააჩნია ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქცია) შეტანა (გამოყენება) და შესთავაზოს მფლობელს, აღნიშნული ტექნიკური საშუალებები გადასცეს დროებით შესანახად მანდატურს“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

რის საფუძველზე და ვის მიმართ გავრცელდება „პრევენციის წესის” ეს მუხლი, დადგენილებასა და დანართში დაკონკრეტებული არაა.

თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართოებში მობილურების შესანახი კარადები უკვე დამონტაჟდა.

ამ დრომდე არავის განუმარტავს, თუ ვის მოსთხოვენ მობილური ტელეფონების დატოვებას სხდომის დარბაზში შესვლამდე.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 26 ივნისს მიიღო საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებები, რომელიც 27 ივნისს ძალაში შევიდა.

ცვლილების მიხედვით, სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომისდარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-, კინო- და ვიდეოგადაღება, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამასახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი.