ცენტრალური საარჩევნო კომისია მანიპულაციას უწოდებს „სამართლიანი არჩევნების” მიგნებას, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში, ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას და შეიცავს პრაქტიკულად გამორიცხულ ან არაბუნებრივ მახასიათებლებს.
ცესკოს განცხადებით, მათ სურთ, საზოგადოებას აცნობონ შემდეგი:
- კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობის დათვლა გენდერულ ჭრილში არ წარმოადგენს საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ ვალდებულებას. აღნიშნული მონაცემები არ ითვლება მთვლელების მიერ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ შეიტანება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების მონაცემში;
- ამომრჩეველთა გენდერული სტატისტიკა საშუალებას აძლევს მკვლევარებს, სოციოლოგებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, გენდერულ ჭრილში შეისწავლონ ამომრჩეველთა აქტივობა;
- მიუხედავად იმისა, რომ ახლაც და ყველა წინა არჩევნებზე ასეთი მონაცემები შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ უზუსტობებს, მათი დამუშავების მეთოდოლოგიისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, იგი არცერთ შემთხვევაში კავშირში არაა და ვერ იქნება კენჭისყრის შედეგებთან და შესაბამისად, ვერც რაიმე გავლენას მოახდენს მასზე, რაც კარგად არის ცნობილი ნებისმიერი ჩართული მხარისთვის.
ცსკო დამატებით აღნიშნავს, რომ ასეთი ტიპის სტატისტიკური მონაცემების დამუშავებისას, გასათვალისწინებელია იმ კატეგორიის ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ესენი არიან: საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, სტაციონარში მყოფი ამომრჩევლები, პატიმრობაში მყოფი ამომრჩევლები, სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე.
მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი უზუსტობა შეიძლება არსებობდეს მხოლოდ რამდენიმე უბნის შემთხვევაში და შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ მცირე რაოდენობის ამომრჩეველს. “ამ შემთხვევების განზოგადება მხოლოდ და მხოლოდ იმით შეიძლება აიხსნას, რომ საქმე გვაქვს საარჩევნო ცოდნის ნაკლებობასთან, ან მიზანმიმართულ ქმედებასთან, რათა დაზიანდეს საარჩევნო პროცესი”.
შეგახსენებთ, რომ „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოვლენილ ახალ გარემოებებზე საუბრობს და ყურადღებას გენდერულ ნაწილზე ამახვილებს (ქალებისა და კაცების მონაწილეობაზე).
კერძოდ, ორგანიზაციამ ცესკოსგან გამოითხოვა მონაცემები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ „საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში, ქალი და კაცის ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას და შეიცავს პრაქტიკულად გამორიცხულ ან არაბუნებრივ მახასიათებლებს”.
ISFED-ის შეფასებით, კიდევ ერთი საყურადღებო ტენდენცია გამოვლინდა, რომელიც სავარაუდო მანიპულაციებზე მიუთითებს.
„ჩვენ მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და გამოვითხოვეთ ინფორმაცია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ქალებისა და კაცების მიხედვით.
მოწოდებული ინფორმაციის პირველადმა ანალიზმა გამოკვეთა, რომ საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში, ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას და შეიცავს პრაქტიკულად გამორიცხულ ან არაბუნებრივ მახასიათებლებს.
მაგალითად, 62 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებული სიიდან კაცი ამომრჩევლის აქტივობა 80-დან 100%-მდე იყო, ქალების აქტივობა იყო 57%. გარდა ამისა, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე გამოიკვეთა ფაქტები, როდესაც ამომრჩევლის აქტივობა თეორიულად გამორიცხულ მაჩვენებელსაც უტოლდება.
მაგალითად, მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 100%-ზე მაღალია ზოგიერთ უბანზე კაცების აქტივობა, ვიდრე ისინი სიაში იყვნენ რეგისტრირებული. რომ დავაზუსტოთ, სიაში რეგისტრირებულ კაცთა 100%-ზე მეტის მონაწილეობა დაფიქსირდა არჩევნებში, რაც ვალიდურობის შემთხვევაში, მოცემულ საარჩევნო უბნებზე მომხდარ მანიპულაციებზე მიუთითებს.
გამოვლინდა, რომ 275 საარჩევნო უბანზე, ერთიანი სიიდან კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა 20 პროცენტულ პუნქტზე მაღალია, მათ შორის, 243 საარჩევნო უბანზე ეს გადახრა კაცი ამომრჩევლის მეტობითაა, ხოლო 32 საარჩევნო უბანზე ქალი ამომრჩევლების.
ასევე, გვაქვს 23 საარჩევნო უბანი, სადაც არჩევნებზე მისული კაცი ამომრჩევლების რაოდენობა აღემატება ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებულ კაც ამომრჩეველს”, – აცხადებენ ISFED-ში.
„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაციის მიერ საარჩევნო უბნების მიხედვით დეტალიზებული ინფორმაციის გამოთხოვის შემდეგ, ამომრჩეველთა აქტივობის პირველადი მონაცემები ცესკოს ვებგვერდზე აღარ იძებნება, იმავე ბმულზე კი ატვირთულია აქტივობის განახლებული მაჩვენებელი.