მანჯგალაძე: პაპუაშვილს უნდა, საარჩევნო კამპანიაში ჩართოს ქრისტე და არ გამოუვა

პუბლიკა

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს უნდა, „საარჩევნო კამპანიაში ქრისტე ჩართოს“, რაც არ გამოუვა.

მისი თქმით, ეკლესიას ებრძვის ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, ეკლესია თავისი პოლიტიკური ვიწრო მიწიერი მიზნებისთვის გამოიყენოს.

„ეკლესია არის ზეციური და პაპუაშვილს უნდა, საარჩევნო კამპანიაში ჩართოს ქრისტე და არ გამოუვა. ამიტომ ვამბობ, „ქართული ოცნების” ლიდერებს ვაჩუქებ „წმინდა” იოსების ხატს, თუ გააგრძელებენ სპეკულაციებს,” – განაცხადა მანჯგალაძემ.

მან ასევე „ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ხალხი, რომელიც ამტკიცებდა, ისე არ გვიჭირს, რომ ბიძინა ივანიშვილი დავაბრუნოთო, ბიძინაც დააბრუნეს და ახლა ეკლესიასაც ებღაუჭებიან”.

„ძალიან რთულია, მისდიო ლოგიკაში „ქართულ ოცნებას“. ბიძინა ივანიშვილის მესამედ მოსვლამდე, „ქართული ოცნება” ორი დღით ადრე აკეთებდა განცხადებას, რომ ისე არ გვიჭირს, ბიძინა ივანიშვილი გამოვიძახოთ და შევაწუხოთო. ეტყობა ძალიან გაუჭირდათ მართლა. ვინც შეშინებულია, ვხედავ აგერ წერეთელზე. ძალიან მარტივი მაგალითია. ადამიანები, რომლებიც 9 თვე აკეთებდნენ რემონტს, უცებ ამ უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს გადაასხეს ასფალტი, რომ არავინ ნახოს, რა აქვს შიგნით გაკეთებული. ვინ არის შეშინებული? მე ვარ, თუ კალაძე, თუ „ქართული ოცნება”?

ხალხი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ისე არ გვიჭირსო, რომ ბიძინა დავაბრუნოთო, ბიძინაც დააბრუნეს უკან, ბიძინა არ ეყოთ და ახლა ეკლესიას ებღაუჭებიან. არ უშველით არც ბიძინა, არც ეკლესიაზე ამოფარება, იმიტომ რომ „ქართულ ოცნებას” ქართველმა ხალხმა განაჩენი უკვე გამოუტანა,” – აღნიშნა მანჯგალაძემ.


პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი, ბექა მინდიაშვილი ჩართულია და „სულის ჩამდგმელია“ რელიგიური ნიშნით თავდასხმის კამპანიის. „მინდიაშვილს აქვს მტრული რიტორიკა მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ და გამოირჩევა რელიგიური შეუწყნარებლობით“, – თქვა მან.

პაპუაშვილის განცხადებით, ტოლერანტობის ცენტრი USAID-ის მიერ ფინანსდება, რაც ნიშნავს, რომ „ამერიკა სიძულვილის ენას აფინანსებს, ეს კი პრობლემაა”.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა ბექა მინდიაშვილი, რომელმაც დაწერა, რომ პაპუაშვილის განცხადება, რომელიც მის წინააღმდეგ იყო მიმართული „არის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის ეთიკის უხეში დარღვევა“.  მისი თქმით, ტოლერანტობის ცენტრი დაარსების დღიდან რელიგიის თავისუფლებას იცავს და სამოქალაქო ინტეგრაციის მიზანს ემსახურება.