მანქანების მოძრაობის შეზღუდვა რომ გახანგრძლივდეს, ამას არ ვუჭერ მხარს - ცერცვაძე

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ბოლო დღეებში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის კლება კომპლექსური ღონისძიებების შედეგია, მათ შორის, მანქანების მოძრაობის შეზღუდვისაც. ცერცვაძე „მოამბის” ეთერში განმარტავს, რომ მანქანების შეზღუდვამ ხალხის გადაადგილება შეამცირა, მიუხედავად ამისა, ის ამ შეზღუდვის გახანგრძლივებას მხარს არ უჭერს.

„მე საერთოდ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას ვუჭერდი მხარს და ახლაც ვუჭერ, რაც შეეხება მანქანების მოძრაობის შეზღუდვა რომ გახანგრძლივდეს, ამას არ ვუჭერ მხარს. ეს დიდი დისკომფორტია, ძალიან ბევრს გასართობად არა, მართლა საქმეზე სჭირდება სიარული, თუნდაც იგივე ავადმყოფებს სამედიცინო პროცედურებსა და აუცილებელ ღონისძიებებზე და ყველაფერი ამის კეთება სპეციალური საშვებით და საბუთებით ძნელია”, – აცხადებს ცერცვაძე.

მისი ვარაუდით, ერთი კვირის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება მანქანების მოძრაობის აღდგენა, რადგან მოსახლეობა რეკომენდაციებს ითვალისწინებს და უკვე იცის, როგორ უნდა მოიქცეს. თენგიზ ცერცვაძე იმედს გამოთქვამს, რომ მანქანების შეზღუდვის მოხსნის შემდეგ მოსახლეობა წესებს მაინც დაიცავს. რაც შეეხება შემდეგი კვირიდან სხვა აკრძალვების მოხსნას, ცერცვაძე ამბობს, რომ ამაზე საუბარი უჭირს და უმჯობესია, მომავალი კვირების ეპიდსიტუაციას დაველოდოთ.