მანქანებში 3 ადამიანზე მეტის დაშვებაზე შეზღუდვას ვაუქმებთ - გახარია

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საბჭოს საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკორდინაციო საბჭომ, რომელიც საქართველოში COVID-ინფექციის პირველი შემთხვევის დადასტურებამდე შეიქმნა, ეფექტურად იმუშავა.

მან ასევე ისაუბრა შეზღუდვების მოხსნაზე და აღნიშნა, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით შეზღუდვა, რომელიც კრძალავდა მანქანაში 3-ზე მეტი ადამიანის ყოფნას, მოიხსნება და მხოლოდ ტაქსებზე გავრცელდება.

„ჩვენ დღეს ვაცხადებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მზად არის დღეს, რომ გადადგას ნაბიჯი და გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, რაც ნიშნავს პარალელურად, რომ გაუქმდება კომენდანტის საათი, და ამას მოყვება გარკვეული შემსუბუქებები. მაგალითად, ჩვენ ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება ასეთი კარგად ცნობილი შეზღუდვა ერთ ავტომობილში 3 ადამიანის რაოდენობით გავრცელდეს მხოლოდ ტაქსებზე და სხვა ყველა საავტომობილო საშუალებებში გაუქმდეს“, – განაცხადა გახარიამ.

23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა უქმდება, ასევე უქმდება კომენდანტის საათი და მანქანაში 3-ზე მეტი ადამიანის ყოფნაზე შეზღუდვა რჩება მხოლოდ ტაქსებში.