მანქანებში 3-კაციანი შეზღუდვა ეხებათ ნებისმიერი ასაკის ბავშვებსაც – მთავრობა

პუბლიკა

საქართველოში „ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინის” გამოცხადების შემდეგ დღეს დილით ძალაში შესული აკრძალვით, დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის, ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იჯდება უკანა სავარძელზე.

„პუბლიკა“ დაინტერესდა, ექნება თუ არა ამ წესს გამონაკლისი, როცა საქმე ეხება მრავალშვილიანი, მათ შორის, ჩვილბავშვიანი ოჯახების გადაადგილებას.

პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით 3-კაციანი შეზღუდვა მოქმედებს მაშინაც, როცა საქმე ეხება ბავშვებს.

„როდესაც ვსაუბრობთ, რომ 3 ადამიანზე მეტი ვერ ჩაჯდება სატრანსპორტო საშუალებებში, ეს ნიშნავს იმას, რომ  ვერ ჩაჯდება ვერც მოზარდი, ვერც სრულწლოვანი და ვერც არასრულწლოვანი. ეს ეხება ნებისმიერი ასაკის ბავშვს”, – ამბობს მეზვრიშვილი.

საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოში მოქმედი რეგულაციით, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია შემდეგი სანქცია:

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა – ჯარიმა ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის – 15 000 ლარის ოდენობით.

ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ხოლო ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.