მაქსიმალურ დისკომფორტს შევუქმნით ამ ადამიანებს - ღარიბაშვილი ოპონენტებზე

პუბლიკა

„გუშინაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ, ყოველდღე გავიმეორებ ამას, მანამ, სანამ ამ  ადამიანებს ექნებათ პრეტენზია ხელისუფლებაში დარჩენის კი არა, პოლიტიკაში დარჩენის, მაქსიმალურ დისკომფორტს შევუქმნით ამ ადამიანებს იმიტომ, რომ მათ პასუხი უნდა აგონ იმ გამოუსწორებელ შედეგებზე, იმ ტერორზე და იმ ჩაგვრაზე, რომელიც ამ წლების განმავლობაში დაატრიალეს ჩვენს ქვეყანაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის ავთანდილ გულიკაშვილის წარდგენისას განაცხადა.

„90-იანი წლების დასაწყისში, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ავირიდეთ თავიდან როგორც ძმათა მკვლელი ომი, ასევე ომი აფხაზეთში, ასევე ოსეთში და ახლა უკვე, 13 წლის წინ ჩვენ გამოვცადეთ კიდევ ერთხელ მორიგი უბედურება, აბსოლუტურად გაუაზრებელი, თუმცა წინასწარ კარგად ცნობილი პროვოკაცია რუსეთისგან გამომდინარე, ვერ იქნა აცილებული და შედეგად მივიღეთ არამხოლოდ ჩვენი ძირძველი ტერიტორიების დაკარგვა, არამედ დამატებითი ტერიტორიების დაკარგვაც – როგორიცაა კოდორი, როგორიცაა ახალგორი, 100-ზე მეტი სოფელი. ამაზე აღარავინ საუბრობს და ჩვენს ოპონენტებს არ უყვართ, როცა ამას ვახსენებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.