მაქსიმალურად გონივრულ ვადაში მოხდება გადაწყვეტილების აღსრულება - პროკურორი

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხი დააყენა.

დაცვის მხარე მოითხოვდა, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება და ყველა შეზღუდვა გაუქმებულიყო.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება გონივრულ ვადებში მოხდება.

„ჩვენი პოზიცია იყო დასაბუთებული, მომდინარეობდა კანონიდან, სასამართლომ გაიზიარე ჩვენი პოზიცია, დააკმაყოფილა მოთხოვნა. ბუნებრივია, გაგდაწყვეტილების წერილობით ფორმასაც მივიღებთ და უფრო მეტ არგუმენტაციას ვნახავთ.

რაც შეეხება აღსრულების ნაწილს, სასამართლომ დაავალა შესაბამის ორგანოს ამ გადაწყვეტილების აღსრულება, ასე რომ ამ გადაწყვეტილებას შეასრულებს შესაბამისი ორგანო მაქისმალურად გონივრულ ვადაში. მე კონკრეტულ ვადას ვერ გეტყვით, კანონმდებლობაში კონკრეტული ვადა ამის აღსრულების არ არსებობს,”- განაცხადა პროკურორმა.


სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ  ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიას დაცვის მხარის შუამდგომლობა, მოსამართლის აცილების შესახებ, არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ აღნიშნა, რომ სასამართლო არავის ზეგავლენის ქვეშ არ ექცევა.

მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ არსებობს გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მოსამართლის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას. მისი თქმით,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმები, რაც ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ეს მოსამართლე უბრალოდ გაახმოვანებს მას.