მაქსიმალურად ვცდილობთ გამარტივებას, საკითხი განიხილება - ტიკარაძე 5-დღიან კარანტინზე

პუბლიკა

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ოკუპირებული გალიდან მომავალი საქართველოს მოქალაქეების ენგურის გადმოკვეთისას დაღუპვას გამოეხმაურა.

ტიკარაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებს თუ არა სამინისტრო, გადახედოს 5-დღიანი სავალდებულო კარანტინის წესს, ასევე იგეგმება თუ არა ე.წ. საზღვარზე სწრაფი ტესტირების პრაქტიკის დანერგვა.

ტიკარაძის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს ხშირად უწევთ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა სხვადასხვა მომსახურების მიღების მიზნით.

მისი განცხადებით, მომსახურება გაეწია 1500-მდე ბენეფიციარს, რომელთაც ჯანდაცვის კუთხით სხვადასხვა საჭიროება ჰქონდა.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, მოხდეს ყველანაირი გამარტივება იმ რისკების გათვალისიწნებით, რომელიც პანდემიის გამო არსებობს.

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსგავს შემთხვევებს, რომელთაც დღეს აქვს ადგილი, და მე ვიზიარებ მწუხარებას ამ ადამიანების ოჯახის წევრების, ჰქონდა წინა წლებშიც ადგილი, როდესაც ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ოკუპირებული რეჟიმისგან თავდასაღწევად უწევთ სხვადასხვა გზით დააღწიონ თავი ამ რეჟიმს და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, მათთვის ეს გზა გავამარტივოთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, ეს ვერ იქნება მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება. მისი თქმით, საბჭოზე მთავრობა განიხილავს ეპიდემიოლოგიურ რისკს, ასევე სხვა რისკს. მისი თქმით, საკითხი საბჭოზე დგას და რისკების ფარგლებში მიიღებენ გადაწყვეტილებას.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, „საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი, საქართველოს სამი მოქალაქე ცდილობდა მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. მდინარე ენგურის გადმოკვეთისას სამივე მათგანი დაიღუპა“.