კოვიდვითარებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა.
„ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ სკოლების აქტივობა არ შეფერხდეს. სკოლებისთვის პროტოკოლი გაწერილია და იციან, როგორ მოიქცნენ, თუ ინფიცირება გამოვლინდა. იყო შემთხვევები, როცა საჯარო სკოლებს ონლაინრეჟიმზე გადასვლა მოუხდა. ჩვენთვის მთავარია, ეფექტურად მოხდეს საკლასო გარემოში გამოვლენილი შემთხვევების მართვა. ახლა ჩვენთვის მთავარია აქტიური მართვა ამ მერყეობის. ამას მეხუთე ტალღას ვერ დავარქმევთ, რადგან მეოთხე ტალღიდან ვერ გამოვედით. არის გარკვეული მერყეობა, რაც უნდა მოგვარდეს იმ გზით, რომ დავუბრუნდეთ პირბადის აქტიურ გამოყენებას და უნდა გააქტიურდეს ვაქცინაციის პროცესი. ასევე უნდა დავიცვათ სოციალური დისტანციის წესები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, სკოლებში დაწესებული წესები უნდა შესრულდეს და დამატებითი რეგულაციების შემოღება არ იგეგმება.