დეპუტატი სალომე სამადაშვილი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პრეზიდენტი ამ ეტაპზე ინდივიდუალურად ხვდება პოლიტიკოსებსა და პარტიებს.
სალომე სამადავშილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს სურს ყველას აზრი მოისმინოს და ამის საფუძველზე შემდეგ შეიმუშაოს დღის წესრიგი.
„ყველას გვესმის, რომ ნებისმიერი ეს პროცესი, რომელიც უნდა შედგეს, არის ძალიან რთული პროცესი და კომპლექსური, ამიტომ კონკრეტიკაზე საუბარი მე ვფიქრობ, რომ ჯერ არის ადრე. ამ ეტაპზე რასაც აკეთებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, არის აზრთა გაცვლა, სხვადასხვა ადამიანებთან, ინდივიდუალურ ადამიანებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და ამის საფუძველზე მას სურს, რომ უკვე შეიმუშავოს შეიძლება ითქვას არქიტექტურა ერთი მხრივ ამ პროცესის და მეორე მხრივ დღის წესრიგი. ამიტომ დღეს კონკრეტიკაზე საუბარი ადრეა, “- ამბობს სალომე სამადაშვილი.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე პრეზიდეტთან ერთად თითქმის ერთი საათის განმავლობაში მან ძირითადად ისაუბრა ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.
„ამ ეტაპზე ხდება ინტელექტუალური მოთელვა იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ პროცესი, რომელიც მართლა იქნება ამ ქვეყნისთვის გამოსავალი.
მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, მაქვს განცდა, რომ საქართველოს პრეზიდენტს ზუსტად ესმის, რა გამოწვევების წინაშეც ვდგავართ”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდეტის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი არის რთული კომპლექსური პროცესი, რომელიც არის ღია და გამჭვირვალე.