„მოსამართლის ძალიან მძიმე განცხადება მოვისმინეთ. ნაცვლად განმარტებისა, სამწუხაროდ, ბუნდოვანებაა შენარჩუნებული – მოლოდინი მაქვს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო დაინტერესდება ამ საკითხით“, – პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა, გვარამიას განაჩენის გამოცხადების შემდეგ მას შეხვდა საელჩოს წარმომადგენელი, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებს, რატომ მიიღო გვარამიას საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი.
„მოვისმინეთ მოსამართლის ძალიან მძიმე განცხადება, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდა ზეწოლასთან და ასევე, შესაძლოა, საქმე გვქონდა დისკრიმინაციულ მიდგომასთან მოსამართლის მიმართ. ამაზე, ნაცვლად განმარტებისა, სამწუხაროდ, ბუნდოვანებაა შენარჩუნებული. ჩემთვის, როგორც გულშემატკივრისთვის, აშშ-ის ჩართულობისა მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაში და ვიცი წლების განმავლობაში რამხელა ენერგიაა ჩადებული აშშ-ის მხრიდან ამ საქმეში, მნიშვნელოვანია ჩრდილი არ მიადგეს ამ დახმარებას და მე მექნებოდა მოლოდინი, რომ ამ მხრივ აშშ-ის საელჩო იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და თუ საჭიროა განმარტებების გაკეთება მოსამართლის მიმართ პირადად თუ საჯაროდ, გამონახოს ფორმა და ეს განმარტებები გააკეთოს.
ასევე მაქვს მოლოდინი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო დაინტერესდება ამ საკითხით, ვინაიდან საქმე ეხება საქართველოს მოსამართლეს და მნიშვნელოვანია, აქ რაიმე ბუნდოვანება და კითხვის ნიშანი არ დარჩეს, ეს აშშ- თან ჩვენი პარტნიორული ურთიერთობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და როგორც გულშემატკივარი ამ პარტნიორობისა, იმედი მაქვს უფრო მეტი გამჭვირვალობა იქნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.