„მე, პრინციპში, მქონდა საქართველოს პრეზიდენტისგან ასეთი მხარდამჭერი განცხადების გავრცელების მოლოდინი, რაც მე მიჩენს პოზიტიურ მოლოდინს, რომ მისი მხრიდან, ეს მნიშვნელოვანი უფლებამოსილება, ვეტოს უფლება იქნება გამოყენებული“, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, იმის მიუხედავად, იქნება თუ არა ვეტო გამოყენებული, საქართველოს პარლამენტის წევრების განცხადებები ცხადყოფს, რომ გუნდში ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე გადაწყვტილება მიღებულია და ისინი მზად არიან პრეზიდენტის ვეტო დაძლიონ.
„რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, მე, პირველ რიგში, მას მინდა გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა გუშინდელი განცხადებისთვის. მე პრინციპში, მქონდა საქართველოს პრეზიდენტისგან ასეთი მხარდამჭერი განცხადების გავრცელების მოლოდინი, რაც მე მიჩენს პოზიტიურ მოლოდინს, რომ მისი მხრიდან, ეს მნიშვნელოვანი უფლებამოსილება, ვეტოს უფლება იქნება გამოყენებული. თუ გავიხსენებთ პარლამენტის წევრების მიერ გაკეთებულ დღევანდელ განცხადებებს, რომ ისინი შეეგებებიან ამ ვეტოს ძალიან თამამად, ეს მაფიქრებინებს იმასაც, რომ მათ არ გაუჭირდებათ ვეტოს დაძლევა“, – განაცხადა სახელწიფო ინსპექტორმა.
ხვალ, 29 დეკემბრის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტს მიმდინარე კვირას სამივე მოსმენით მიიღებენ.
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და იქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.