პრორუსული, ძალადობრივი პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“/ ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე მორგოშია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ პარტნიორი პარტიების მეშვეობით მიიღებს ყველა იმ კანონს, რომელსაც პრორუსული ძალა წლებია ითხოვს.
„მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“, პარტნიორი პარტიების მეშვეობით მიიღებს ყველა იმ კანონს, რომლის მიღებასაც, ჩვენ წლებია ვითხოვთ და ვიბრძვით!!! მათ შორის კანონს გეი-პროპაგანდის წინააღმდეგ!!! ეს ამბავი ძალიან მახარებს, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს!!! ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, 5 ივლისი იყო ქართველი ხალხის უდიდესი გამარჯვება და ლიბერალიზმის დასასრულის დასაწყისი საქართველოში!!!“, – წერს პრორუსული, ჰომოფობიური და ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ ლიდერი კონსტანტინე მორგოშია.
პარლამენტში „ოცნების” სატელიტური პარტიის „ევროპელი სოციალისტების” ლიდერი, ფრიდონ ინჯია ამბობს, რომ 30 აპრილის აქციის მოთხოვნათა შესაბამისად მიმდინარე კვირაში პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტით მიმართავენ. აღსანიშნავია, რომ ამ აქციაზე გაჟღერებული იყო ჰომოფობიური და ანტიდასავლური შეფასებებიც.
ინჯიამ პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ გაახმოვანა აქციის მოთხოვნები, რომელთა შორის იყო ასევე ე.წ. „ლგბტ-პროპაგანდის” კანონით აკრძალვაც და აღნიშნა, რომ უერთდება მათ. პრორუსული „ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობის“ წევრებიც სწორედ მსგავსი ჰომოფობიური შინაარსის მქონე კანონპროექტის ავტორები არიან, ისინი ლგბტ მანიფესტაციების კანონით აკრძალვას მოითხოვენ.