„მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!“ — შედგა რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა მარში ფილარმონიიდან ვაკის პარკამდე.
1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა და შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
1919 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველ წლის აღსანიშნავად, მარში თანამედროვე ჭავჭავაძის გამზირით ვაკის პარკის ტერიტორიისკენ გაემართა.
აქციის დღევანდელმა მონაწილეებმაც ის გზა გაიარეს, რაც საქართველოს მოქალაქეებმა 1919 წელს.
დღევანდელ მსვლელობაში მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო.
1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს ოკუპაცია, რასაც შემდგომში მოჰყვა მისი ფაქტობრივი ანექსია.
საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას ემიგრაციაში.
საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი პერიოდი აღინიშნა სისხლიანი ტერორითა და რეპრესიებით. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ.