მარადონას სამოქალაქო პანაშვიდზე შეკრებილ ფანებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

პუბლიკა

ფეხბურთელი დიეგო მარადონა 25 ნოემბერს, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. ის არგენტინის საპრეზიდენტო სასახლეში დაასვენეს, რათა მის გულშემატკივრებს გამომშვიდობების საშუალება ჰქონოდათ.

გამოცემა BBC წერს, რომ როდესაც ოჯახის თხოვნით დაკრძალვის ცერემონიისთვის მზადება დაიწყო, მარადონასთან გამოსამშვიდობებლად რიგში მდგომ ფანებს პოლიცია საპრეზიდენტო სასახლეში აღარ უშვებდა, რამაც ფანების გაბრაზება გამოიწვია. ისინი ცდილობდნენ საპრეზიდენტო სასახლეში შესვლას, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

მედია იუწყება, რომ გაბრაზებულმა ფანებმა პოლიციას ქვები ესროლეს. პასუხად პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი და არიან დაკავებულებიც.


არგენტინის იუსტიციის მინისტრმა, რომელიც მარადონას ექსპერტიზას ესწრებოდა, CNN-ს განუცხადა, რომ ფეხბურთის ლეგენდა გულის უკმარისობით გარდაიცვალა. მარადონას გარდაცვალების გამო არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.