მარეგულირებელმა „ალტ-ინფოს“ 5-6 ივლისის ეთერზე დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონდა ძალადობისკენ მოწოდებას - „მედიის უფლებები“

პუბლიკა

ორგანიზაცია „მედიის უფლებები“ კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიამ შეისწავლა შპს „ალტ ინფოს” 5,6,7 და 12 ივლისის ეთერი და დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონდა ძალადობისაკენ მოწოდებას. კომპანია უხამსობის საბაბით ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლა.

„მონიტორინგის ჯგუფი არ ეთანხმება კომისიის მიერ უხამსობის საბაბით მაუწყებელთა სანქცირების პრაქტიკას, თუმცა „ალტ ინფოს” საქმის განხილვისას მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოავლინა: კომისიამ წარმოება ფორმალურად და ზედაპირულად ჩაატარა, არ მიიღო მხედველობაში 5 ივლისამდე არსებული მასალები, ხოლო სანქციის გამოყენებისას არათანმიმდევრული პრაქტიკა შექმნა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე საუბარია კომუნიკაციების კომისიის სხვა გადაწყვეტილებების შესახებ. ანგარიშის მიხედვით,  კომუნიკაციების კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი კიდევ ერთხელ შეცვალა. თამარ ბოკუჩავა კომუნიკაციების კომისიის აპარატში დააბრუნა, მის ნაცვლად კი თამთა ტეფნაძე დანიშნა, რომელიც ადრე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი იყო.

„ციფრულ მიწისზედა ტელემაუწყებლობაზე გადასვლიდან დღემდე არსებული პროცესის შეფასება კომუნიკაციების კომისიას არ გაუკეთებია“, – ნათქვამია ანგარიშში.

მონიტორინგის შედეგები მოიცავს 2021 წლის 24-31 ივლისის პერიოდს. ანგარიშის გაცნობა ვრცლად შეგიძლიათ ბმულზე. 

„მედიის უფლებები“ კომუნიკაციების კომისიის საქმიანობას ღია საზოგადოების ფონდ I Open Society Georgia Foundation-ის ფინანსური მხარდაჭერით აკვირდება.