ყოფილი ლიდერები EU-ს წერილით მიმართავენ

პუბლიკა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპულ საბჭოს მიმართავს, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.

მარგველაშვილმა შესაბამისი წერილი ორი ყოფილი პრეზიდენტისა და ოთხი ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით დღეს ევროკავშირის ელჩს გადასცა.

წერილს ხელს აწერს გიორგი მარგველაშვილი და მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ასევე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები, – დავით უსუფაშვილი, ნინო ბურჯანაძე, დავით ბაქრაძე და კაკო ასათიანი.

„საქართველოში პირველად შედგა, რომ 2016 წლამდე მოქმედი ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი აწერს ამ პოზიციას ხელს. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ასეთი პოზიციების დაფიქსირება, დაფიქსირება იმ წერტილების, სადაც ჩვენ, ჩვენი განსხვავებების მიუხედავად ერთიანები ვართ…

მე დავინახე სამი შესაძლებლობა ამ მიმართულებით, პირველი ეს იყო საზოგადოებრივი პოზიციის გამოხატვა და გამოხატული იქნა გუშინწინ ზეაღმატებული ფორმით, ამ წერილზე პოლიტიკური კლასის მაღალი თანამდებობის პირების ერთიანობის გამოხატვა და მესამე, ჩემი აზრით, არის პოლიტპატიმრების გამოშვება, მარტივად რომ ვთქვა, სააკაშვილის გაშვება სამკურნალოდ და გვარამიას გამოშვება.

ეს პუნქტი ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ შესრულდეს. ამ პაკეტით თუ ჩვენ 24-მდე წარვდგებით ამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში კიდევ არის შანსი სიტუაციის გამოსწორების“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

24 ივნისს  საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს.