რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ 25 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე „ტაო ნიუსის“ სახელით ნიკოლოზ მჟავანაძის დასმულ შეკითხვას უპასუხა.
ნიკოლზ მჟავანაძემ შეკითხვის დასმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისთვის გადახდილი მადლობით დაიწყო იმის გამო, რომ მან, მჟავანაძის სიტყვებით, ილია მეორის ხსოვნისადმი პატივისცემა გამოხატა.
მჟავანაძემ თქვა, რომ „რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, მიხეილ შვიდკოის მონაწილეობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში და რუსეთის პრეზიდენტის სახელით სამძიმრის გამოცხადება აღქმულ იქნა, როგორც მნიშვნელოვანი, მეგობრული და სიმბოლური სიგნალი.“
მჟავანაძემ ზახაროვას ჰკითხა: „რა შემდგომი პრაქტიკული თუ დიპლომატიური იმპულსი შეიძლება მოჰყვეს ამ ნაბიჯებს? და თქვენი წინა განცხადების გაგრძელებად — რომ „ბურთი რუსეთის მხარეს არ არის“ — საქართველოს მხრიდან რა კონკრეტულმა ქმედებებმა შეიძლება მისცეს ბიძგი ამ იმპულსის განვითარებას?“
მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთის და საქართველოს ხალხს „უმჭიდროესი ისტორიული კავშირი“ აქვთ და „ამის გათვალისწინებით, მიუხედავად ცნობილი პოლიტიკური უთანხმოებებისა რიგ საკითხებში, ისინი მხარს უჭერენ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას.“
„როგორც ჩანს, ქართული მხარეც დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებით.
ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორია საქართველოს ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდისა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი კავშირები საქართველოსთან ბუნებრივ ხასიათს ატარებს და არა ხელოვნურად თავსმოხვეული ვინმეს მიერ.
ჩვენ დასავლურ პრაქტიკებს არ ვიყენებთ და არც საკუთარი თავის მიმართ ვაძლევთ სხვებს ამის უფლებას.
დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, ძალისხმევას მივმართავთ ადამიანებს შორის კონტაქტებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე“, – თქვა მან.
ზახაროვამ მოიხმო რუსეთთან საქართველოს ვაჭრობის მონაცემები. მისი მტკიცებით, 2025 წელს საქონელბრუნვა 6%-ით გაიზარდა და 2,7 მილიარდ დოლარს მიაღწია – „ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი ბაზარი საქართველოსთვის ფუნდამენტურია“, – თქვა ზახაროვამ.
საგარეო უწყების სპიკერმა ხაზი გაუსვა პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის სარგებელსაც:
„ტურისტული ნაკადი რუსეთიდან 1,6 მილიონ ადამიანამდე გაიზარდა — საქართველოში ყოველი მეოთხე ტურისტი რუსეთიდანაა. გარდა ამისა, აღვნიშნავთ მომლოცველობითი მოგზაურობების ზრდას. რუსები საქართველოში ჩადიან ქართული სიწმინდეების თაყვანის საცემად.
ეს არის ჩვენი საერთო ისტორიისა და კულტურის დასტური. ჩვენ ერთ სულიერ ფუნდამენტზე ვდგავართ და ვიცავთ ერთსა და იმავე ღირებულებებს“, – განაცხადა ზახაროვამ.
რაც შეეხება პოლიტიკურ დიალოგს, მისი თქმით, თუ თბილისში მზად იქნებიან, მოსკოვი თავიდან არ აირიდებს საგნობრივ დიალოგს.
„რუსეთთან დიალოგზე უარის თქმა სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მემკვიდრეობაა. ვფიქრობ, თბილისში უკვე აცნობიერებენ დასავლეთის ნამდვილ მიზნებს და ესმით, რომ საქართველოს კეთილდღეობის გარანტი არა ოკეანის გაღმა, არამედ რეგიონულ თანამშრომლობაშია“, – განაცხადა ზახაროვამ.