მარიამ კუბლაშვილის განცხადება ბაია პატარაიას წინააღმდეგ ინსპექტორმა არ დააკმაყოფილა - „საფარი"

პუბლიკა

მარიამ კუბლაშვილის განცხადება ბაია პატარაიას წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა, – სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „საფარი” ავრცელებს.

საქმე ეხება ბაია პატარაიას მიერ 2019 წლის 24 დეკემბერს სოციალურ ქსელ Facebook-ით გამოქვეყნებულ საჯარო განცხადებას, სადაც ნათქვამი იყო, რომ თამთა თოდაძის და ბაია პატარაიას განცხადების საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორმა მარიამ კუბლაშვილი 1000 ლარით დააჯარიმა.

განმცხადებლის მარიამ კუბლაშვილის განმარტებით, გასაჯაროებული ინფორმაცია შეიცავდა მის პერსონალურ მონაცემებს და ინფორმაციის საჯაროდ გაჟღერება იწვევდა მის დისკრედიტაციას. კუბლაშვილის აზრით, ბაია პატარაიას მიერ გამოქვეყნებულმა საჯარო ინფორმაციამ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია, საზოგადოებამ მისგან შეიტყო მარიამ კუბლაშვილის სამართალდამრღვევად ცნობის შესახებ, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია მისი, როგორც ადვოკატის რეპუტაციაზე. გთავაზობთ საფარის განცხადებას:

„განმცხადებელი ასევე ამბობდა, რომ ბაია პატარაიამ მისი პერსონალური მონაცემები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლების გარეშე დაამუშავა, და რომ პატარაიას მის შესახებ მონაცემები არაკანონიერი გზით ჰქონდა მოპოვებული.

„საფარის“ საპასუხო წერილში ნათქვამი იყო, რომ ორგანიზაცია ქალთა საკითხებზე მუშაობს, რომ იგი თამთა თოდაძის უფლებებს იცავს ყველა დაწესებულებაში, და რომ დასახელებული ბენეფიციარის საქმესთან დაკავშირებით, არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ბაია პატარაიას, როგორც „საფარის“ დირექტორს, თამთა თოდაძისთვის მომსახურების გასაწევად, მისივე თანხმობით, ჰქონდა უფლებამოსილება, ფართო საზოგადოებისთვის გაეცნო სახელმწიფო ინსპექტორის მიერ თამთა თოდაძის საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება.

სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ბაია პატარაიამ დასახელებული ინფორმაცია მოიპოვა სამსახურეობრივი მოვალეობის ფარგლებში. საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ბაია პატარაიამ ინფორმაცია გამოაქვეყნა მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით – იგი ამ შემთხვევაში მოქმედებდა, როგორც „საფარის“ დირექტორი.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მინაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ ეს აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად. ამავდროულად, კანონის მე-4 მუხლის მიხედვით, მონაცემები შეიძლება, დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად.

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საფარის მიერ განმცხადებლის ე. წ. „ჩვეულებრივი კატეგორიის“ მონაცემების გამჟღავნება. მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად. გარდა ამისა, საადვოკატო საქმიანობის ფარგლებში ადვოკატის მიერ ჩადენილი გადაცდომების ფართო საზოგადოების წრისთვის მიწოდების მიზანშეწონილობას აღიარებს თავად საადვოკატო საქმიანობის მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობაც.

ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორი ითვალისწინებს „საფარის“ მიერ გამჟღავნებული მონაცემების შინაარსსა და მოცულობას – ამ შემთხვევაში, საუბარი ეხება მხოლოდ განმცხადებლის ვინაობას, მისი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის ფაქტსა და დაკისრებულ სახდელს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ინსპექტორის თანახმად, განმცხადებლის ინტერესი ვერ იქნება მიჩნეული აღმატებულ ინტერესად და შესაბამისად, „საფარის“ მხრიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების დარღვევისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი არ დგინდება”, – ვკითხულობთ განცხადებაში.