მარიამ ლაშხის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ საქმეზე შსს აქტივისტის პატიმრობას ითხოვს - გადაწყვეტილება 30 მაისს გამოცხადდება

პუბლიკა

პოლიტიკოს მარიამ ლაშხის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტო აქტივისტ თათია აფრიამაშვილის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა მარიამ ლაშხმა თათია აფრიამაშვილის და მაგდა მამუკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი 17 მაისს მომხდარის გამო შეიტანა. ერთ-ერთ კაფეში, სადაც ლაშხი თანმხლებ პირებთან, მათ შორის, ბავშვებთან, ერთად იმყოფებოდა, აქტივისტები მივიდნენ შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, არა რუსეთის მონებს.. ძირს რუსეთის მონები“.

აფრიამაშვილის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 23 მაისს გაიმართა. საქმეს მოსამართლე მანუჩარ ცაცუა განიხილავს. მან გადაწყვეტილების გამოცხადება 30 მაისისთვის გადადო.

ადვოკატმა ფიქრია მახარაძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ ოქმში სავარაუდო სამართალდარღვევად მითითებული იყო ფრაზები: „არა რუსულ მონობას“, „ძირს რუსეთის მონები“.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შესული ცვლილებით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა დასჯადი გახდა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.

მაგდა მამუკაშვილის პროცესი 27 მაისსაა დანიშნული.