პოლიტიკოს მარიამ ლაშხის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტივისტ ლიკა ლორთქიფანიძის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. საქმეს მოსამართლე დავით თეთრაული განიხილავს, რომელმაც გადაწყვეტილების გამოცხადება 30 მაისისთვის გადადო.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ითხოვენ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას, კონკრეტული დღეები არ უთქვამთ. ითხოვენ პატიმრობის გამოყენებას“, – ამბობს ადვოკატი მიხეილ თათარაძე „პუბლიკასთან“.
მისი თქმით, ვიდეო-კადრებში არ ჩანს, რომ ლორთქიფანიძე მარიამ ლაშხთან მივიდა და შეურაცხყოფა მიაყენა:
„იქ ლიკა ნამდვილად იმყოფებოდა, შევიდა მუზეუმში პირად საკითხზე, უბრალოდ ესმოდა შეძახილები რუსეთის მონასთან დაკავშირებით და მანაც თავისი პროტესტი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გამოხატა. მისი პოზიცია, რომ – „ძირს რუსეთის ქოცი მონები“, „ძირს რუსეთის მონები“, უბრალოდ შეძახილები იყო, არა კონკრეტული პირის მიმართ. როგორ ინტერპრეტაციასაც აკეთებენ, რომ თითქოს მარიამს უყურებდა და კონკრეტულად მარიამ ლაშხს მიმართავდა, მსგავსი რამ არ ყოფილა, არც იცოდა იქ მარიამ ლაშხი იყო იქ თუ ვინ იყო, რადგან ბევრი ხალხი იყო შესული და ხმები ისმოდა. კადრებში ჩანს, რომ შედის, შეძახილებით გაივლის და შორდება ამ ტერიტორიას. ლიკას მხრიდან არანაირ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია, მით უმეტეს არ მივარდნია მარიამ ლაშხს და მისთვის არ მიუყენებია შეურაცხყოფა“, – ამბობს ადვოკატი.
იმავე საქმესთან დაკავშირებით შსს-მ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება მოითხოვა აქტივისტ თათია აფრიამაშვილის მიმართაც. ამ საქმეზე გადაწყვეტილება 30 მაისს გამოცხადდება.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა მარიამ ლაშხმა აქტივისტების წინააღმდეგ სარჩელი 17 მაისს მომხდარის გამო შეიტანა. ერთ-ერთ კაფეში, სადაც ლაშხი თანმხლებ პირებთან, მათ შორის, ბავშვებთან, ერთად იმყოფებოდა, აქტივისტები მივიდნენ შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! არა რუსულ რეჟიმს! არა რუსეთის მონებს!.. ძირს რუსეთის მონები!“.
ლაშხმა 27 მაისს პლენარულ სხდომაზე თქვა:
„ჩემი, როგორც პარლამენტის წევრისა და კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი ვალდებულებაა, უზრუნველყოფილიყო ბავშვთა კონსტიტუციური უფლებების დაცვა და საერთაშორისო იურისდიქციული სტანდარტების განხორციელება. სწორედ ეს მოვალეობა და, რაც მთავარია, დედის ინსტინქტი იყო ჩემი ოფიციალური საჩივრის საფუძველი“.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შესული ცვლილებით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა დასჯადი გახდა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.