მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე ორ აქტივისტს 12-12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ერთი - 4000 ლარით დაჯარიმდა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე აქტივისტებს თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს 12-12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო მაგდა მამუკაშვილი მოსამართლემ 4000 ლარით დააჯარიმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამივე ქალ აქტივისტს მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებოდა – უწყება ორი აქტივისტის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, ერთის მიმართ, კანონმდებლობიდან გამომდინარე – ჯარიმის, რადგან მაგდა მამუკაშვილს მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

თათია აფრიამაშვილის ადვოკატი ფიქრია მახარაძე „პუბლიკასთან“ ამბობდა, რომ ოქმში სავარაუდო სამართალდარღვევად მითითებული იყო ფრაზები: „არა რუსულ მონობას“, „ძირს რუსეთის მონები“.

ლიკა ლორთქიფანიძის ადვოკატის, მიხეილ თათარაძის თქმით კი,  ლორთქიფანიძის მხრიდან არანაირ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა სამი აქტივისტი ქალის წინააღმდეგ სარჩელი 17 მაისს მომხდარის გამო შეიტანა.

ერთ-ერთ კაფეში, სადაც ლაშხი თანმხლებ პირებთან, მათ შორის, ბავშვებთან, ერთად იმყოფებოდა, აქტივისტები მივიდნენ შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! არა რუსულ რეჟიმს! არა რუსეთის მონებს! ძირს რუსეთის მონები!“.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შესული ცვლილებით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა დასჯადი გახდა – ის გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.