„ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხი ამბობს, რომ ესტონეთისა და ლიეტუვის მიერ მისთვის დაწესებული სანქციების გასაჩივრებას გეგმავს.
ლაშხის თქმით, ეს იქნება მისი რეაგირება „უსამართლობაზე“.
„მე პირადად ვარ დასანქცირებული ესტონეთის და ლიეტუვის მთავრობის მხრიდან. ჩემს პირად საქმეებს რომ გადახედოთ, თუნდაც ესტონეთთან და თუნდაც ლიეტუვასთან, ხელშეწყობის და მეგობრობის განვითარების გარდა, სხვა არაფერი გამიკეთებია.
მიზეზი როდესაც მოვიკითხე, ვერ გავიგე. ახლა უბრალოდ ვერ მოვიცალე ამისთვის, მაგრამ მინდა, რომ გავასაჩივრო ეს გადაწყვეტილება. იურისტთან გავისაუბრებ და ამის მიხედვით მოვიქცევი, ალბათ, ჯერ თვითონ ადგილსამყოფელ ქვეყანაში უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება… სტრასბურგია შემდეგი ინსტანცია.
ეს არის რეაგირება – უბრალოდ მაქვს სურვილი, რომ ყველაფერს მოჰყვეს რეაგირება.
შეიძლება, მე ავდგე და საერთოდ ჰაერზე გამოვაცხადო ვიღაც ნონ გრატად ისე, რომ ამის ახსნა-განმარტება არ გავაკეთო. ამის უფლება აქვთ. მე რომ ფინანსური სანქცირება მომდგომოდა და ფინანსური ზარალი, ეს კიდევ უფრო დამამძიმებელი გარემოება იქნებოდა და მეტი არგუმენტი შეიძლება მეჭიროს“, – თქვა ლაშხმა.
18 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ესტონეთმა დამატებით 19 ქართველ თანამდებობის პირს სანქციები დაუწესა, მათ შორის, მარიამ ლაშხს.
ესტონეთის მიერ სანქცირებულთა შორის არიან სინდისის პატიმრების საქმეების მოსამართლეები და პროკურორები.
ასევე ესტონეთის მიერ სანქცირებულია „ოცნების” გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, „ოცნების” იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სანქცირებული პირები „პირდაპირ ან ირიბად პასუხისმგებელნი არიან მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დევნაზე”.
28 ივლისს კი ლიეტვუვამ დამატებით 10 პირს დაუწესა სავიზო სანქციები. დასანქცირებულთა შორის არიან მოსამართლეები, ასევე „ქართული ოცნების“ დეპუტატები.