მარიამ მეყანწიშვილი შალვა პაპუაშვილს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის 

პუბლიკა

პროტესტის მონაწილე მარიამ მეყანწიშვილი შალვა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივის.

ადვოკატ აიჰან ჰასანლის განცხადებით, 31 დეკემბერს მათ შეიტანეს სარჩელი „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ „პატივისა და ღირსების შემლახავი, ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით“.

ჰასანლის თქმით, საქმე ეხება 2025 წლის 17 ოქტომბერს X-ზე პაპუაშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც მან მარიამ მეყანწიშვილი „უკიდურესად რადიკალური ჯგუფების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წარმომადგენლად“ მოიხსენია.

პაპუაშვილმა ასევე დაწერა, რომ მარიამ მეყანწიშვილი „მონაწილეობს პრეზიდენტის სასახლეზე 4 ოქტომბრის თავდასხმის დროს ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებაში“.

ჰასანლის თქმით, პაპუაშვილი თავის პოსტში ასევე უსაფუძვლოდ ამტკიცებს, რომ მარიამ მეყანწიშვილი „შიდა ტერორიზმშია ჩართული“.

„რითაც ფაქტობრივად მას მოიხსენიებს დამნაშავედ, მაშინ როდესაც, არ არსებობს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი ინფორმაცია და შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.

შალვა პაპუაშვილი მას მოიხსენიებს როგორც ძალადობრივი დაჯგუფების ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს იმ დროს, როდესაც დაცვის მხარისთვის ჯერ კიდევ ცნობილი არ იყო ის მუხლი, რომლის ჩადენასაც მას ედავებოდნენ. მარიამ მეყანწიშვილს ბრალი წარედგინა დროებითი მოთავსების იზოლატორში 2025 წლის 18 ოქტომბერს, მაშინ როცა შალვა პაპუაშვილის პოსტი უკვე განთავსებული იყო, ვინაიდან ის გამოქვეყნებულია 17 ოქტომბერს“. – წერს ​აიჰან ჰასანლი.

ადვოკატი მიუთითებს, რომ შალვა პაპუაშვილი თავის განცხადებაში პირდაპირ, სახელითა და გვარით, კონკრეტული გარემოებების, ფაქტობრივი მოცემულობისა და სიტუაციის აღწერის საფუძველზე ამტკიცებს, რომ მარიამ მეყანწიშვილი არის:

  1. „უკიდურესად რადიკალური ჯგუფების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი“;
  2. „მონაწილე ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებაში 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის დროს“;
  3. „შიდა ტერორიზმში ჩართული“;
  4. „ექსტრემისტი“.

ადვოკატი აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილმა ამით ერთი მხრივ, დაარღვია მარიამ მეყანწიშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია, ხოლო მეორე მხრივ, მის შესახებ გაავრცელა პატივისა და ღირსების შემლახავი, საქმიანი რეპუტაციის დამაზიანებელი, ცილისმწამებლური ინფორმაცია, რომელიც არსებითად მცდარია.

„სახეზეა შალვა პაპუაშვილის მიერ მარიამ მეყანწიშვილის მიმართ ცილისწამება, რის საფუძველზეც ვითხოვთ სასამართლოსგან მის მიერ გავრცელებული არსებითად მცდარი ფაქტების საჯაროდ უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას 1 ლარის ოდენობით“. – ამბობს აიჰან ჰასანლი.

შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოს მიმართა სინდისის პატიმარმა ზვიად ცეცხლაძემაც. საქმე ეხებოდა პაპუაშვილის განცხადებას, რომ „ზვიად ცეცხლაძე არის სასამართლოს მიერ დადგენილი ტერორისტი“.

პაპუაშვილმა ცეცხლაძეს ტერორისტი პირველად 22 ოქტომბერს, Facebook-პოსტში უწოდა.

სინამდვილეში მუხლი, რომლითაც ცეცხლაძეს 2.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, გულისხმობს „ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს“.