მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა სასამართლომ 5000-5000 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ აქტივისტებს – მარიამ სიჭინავას და კერენ ესებუას 5000-5000 ლარის ოდენობით დააკისრა ჯარიმა.

მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა აქციაზე პიროტექნიკის გამოყენებისთვის 15 იანვარს დააკავეს.

ისინი სამართალდარღვევისთვის უკვე ხელმეორედ დააჯარიმეს.

პროცესის დასრულების შემდეგ მარიამ სიჭინავამ დაწერა:

„გამოვედი! ვრცელ პოსტს მერე დავდებ, იქამდე გახალისებთ ცოტას. დაკავების ოქმი როცა ვნახე და ეწერა, რომ პოლიციელებს მივაყენე სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხელმოწერის გრაფაში დავუწერე – ,,დაახვიეთ, რაც შეიძლება დიდად!” სასამართლოზე ბრალმდებელი მხარე ზუგდიდის პოლიცია არ იყო, სამინისტროდან ჩამობრძანებული ორი ქალბატონი იყო, რომელებიც გამწარებით ამტკიცებდნენ, მარიამი და კერენი აქციაზე იყვნენო, ორი კაციც აქციააო. ამ დროს ჩავეკითხე, მისი აზრით, ორი ხე ტყე იყო თუ არა?“


პირველად მარიამ სიჭინავას 5000 ლარის, ხოლო კერენ ესებუას – 2000 ლარის ჯარიმა ჰქონდათ დაკისრებული.

ისინი სამართალდამრღვევებად ცნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით ჩადენილ დანაშაულში.

ეს მუხლი შეკრებისა ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს.

მიხეილ ყაველაშვილის მიერ 30 დეკემბერს გამოქვეყნებული ცვლილებით, ამ მუხლს დაემატა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობები აქციაზე პიროტექნიკისა და სახის დაფარვის გამო.

სახის დაფარვისთვის სამართალდარღვევა 2000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს, ხოლო პიროტექნიკის გამოყენება – 5000 ლარს.