მარიანა ჩოლოიანი პატიმრობაში რჩება

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანი პატიმრობაში დატოვა. დღეს წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე შუამდგომლობა დააყენა. პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე არ დაეთანხმა ამ შუამდგომლობას. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჩოლოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა არ შეეცვალა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას პროკურორმა განაცხადა, არსებობს კონკრეტული საფრთხე, რომელთაც შესაძლოა, სამართალწარმოებას შეუშალოს ხელი. ესაა მოწმეებზე ზემოქმედება და ახალი დანაშაულის საფრთხე.


არასრულწლოვანი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის გამო თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ჩვენების იძულების ბრალდებით გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავა.

15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედის და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო, ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის” კედლების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.