აქტივისტებმა და მოძრაობა „დროას“ წევრებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეში მსჯავრდებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლება გააპროტესტეს.
„ვაპროტესტებ მარიანა ჩოლოიანის თავისუფლებას, რომელმაც 15 წლის ბავშვი მიიყვანა თვითმკვლელობის ზომამდე“, – განაცხადა აქტივისტმა, შუშანა მაცაბერიძემ.
მან პროკურატურის შენობასთან წითელი ფერის პულვერიზატორით წარწერა დატოვა – „ამ სისტემის დედაც“.
ამის შემდეგ ის პოლიციის თანამშრომლებმა მანქანაში ჩასვეს. „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, აქტივისტი დაკავებულია.
„პუბლიკა“ ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაციის დაზუსტებას.
განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ დაკავებულია ერთი ადამიანი, ადმინისტრაციული სამართალდაღვევათა კოდექსის 174-ე მუხლით, რაც თვითნებობას გულისხმობს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის გამომძიებელი ე.წ. უდოთი გათავისუფლდა.
2020 წლის 7 სექტემბერს 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული მარიანა ჩოლოიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჩოლოიანს 2 წლით ჩამოერთვა სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის უფლებაც.
მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში ედებოდა, რაც გულისხმობს ჩვენების მიცემის იძულებას.
არასრულწლოვანი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის გამო თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ჩვენების იძულების ბრალდებით გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავა.
15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედისა და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო. ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის” კედლების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.