დღეს, 10 სექტემბერს საქართველოში კორნავირუსით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს რაოდენობა საქართველოში რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. ვირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1830-ია. გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობა 1334-ია. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 451 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 57 პაციენტიდან 5-ის წყარო არის „დონა“. 14 პაციენტის წყარო არის ბათუმი, 18 პაციენტის წყარო არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი; 4 პაციენტის წყარო არის აჭარაში მოგზაურობის ისტორია. 3 შემოტანილი შემთხვევიდან 2 სატვირთოს მძღოლია, 5 სამედიცინო პერსონალია, 8 პაციენტზე გრძელდება ეპიდკვლევა.
„25 პაციენტის წყარო არის აჭარა. ბოლო 2 კვირის მონაცემებით, 27 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით, 100 ათას მოსახლეზე საქართველოს მაჩვენებელი გახლავთ 10.2, ხოლო აჭარის რეგიონი არის 52.9 არის ინციდენტობის მაჩვენებელი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 9-ით გაიზარდა. ეზუგბაიას განცხადებით, გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელია 73.
469 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში. ინფექციონისტის თქმით, მათგან განსაკუთრებით მძიმეა 4 პაციენტი, მძიმეთა რაოდენობა არის 18.
„არ ვლაპარაკობთ, რომ ეს მეორე ტალღაა. მეორე ტალღას ვლაპარაკობთ, როცა იქნება სეზონი, რესპირატორული ვირუსული ინფექციები და, უშუალოდ, გრიპის ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით. ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის შუა რიცხვებში ხდება თანხვედრა ამ სეზონური ინფექციების კოვიდ 19-თან, მოსალოდნელია მეორე ტალღაზე ლაპარაკი და ვილაპარაკოთ. ამ ეტაპზე არის მატება, რომელიც დაკავშირებულია შიდა ტურიზმთან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ეზუგბაია ამბობს, რომ არსებულ ტენდენციას ჯანდაცვის სამინისტრო გაუმკლავდება, მთავარია შემთხვევების რიცხვი 100-ეულობით არ გაიზარდოს. „როგორმე არსებული მონაცემების შეკავება გვჭირდება“, – ამბობს ის.
ექიმი ამბობს, რომ თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ – პირბადე, დისტანცირება, პირბადე, მათ შორის, გარეთა პერიმეტრზე, სადაც დისტანცია შეუძლებელია და ასევე, მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა.