ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა. მისი თქმით, გუშინ ჩატარებული 15 ტესტიდან ერთზე დადებითი პასუხია მიღებული. მისივე განმარტებით, ეს პაციენტი ბოლო სამ შემთხვევასთან კავშირში მყოფი პირია.
„გუშინ ჩატარდა ტესტირება 15 პაციენტზე, 14 მივიღეთ ნეგატიური პასუხი და ერთი პაციენტის ტესტი იყო დადებითი, ეს პაციენტი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი. ამ ეტაპზე ჩვენთან წევს დადასტურებული 29 შემთხვევა. შემოსული ახალი პაციენტის მოდგომარეობა გამოხატული კლინიკით, ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის, დღეს ჩაუტარდება მას დამადასტურებელი კვლევები განმეორებით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, მეორე-მესამე დღეს, ეს იმის მიმანიშნებელია რომ დაავადების პროგრესირება არ ველოდებით ძველ პაციენტებზე, რომელბზეც გასულია 12-13 დღე. დანარჩენ პაციენტებში, ჯერჯერობით, სიტუაცია მართვადია“, – განმარტავს ეზუგბაია.
მარინა ეზუგბაიამ პაციენტის ასაკზე, სქესსა და მასთან დაკავშირებით სხვა დეტალებზე ჟურნალისტებთან არ ისაუბრა.
გუშინ საავადმყოფოდან გაწერეს პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი. ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში 34 კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში 1008 ადამიანია, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი – 64.