მარინა ხატიაშვილი ბინის დასაბრუნებლად მევალისთვის თანხის გადახდას დათანხმდა

პუბლიკა

კეკელიძის N1-ში მდებარე ბინის ახალი მფლობელის, დარეჯან დვალის ადვოკატი გიორგი სუხიტაშვილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მის კლიენტი და მარინა ხატიაშვილი მორიგდნენ შემდეგ პირობებზე:

  • მარინე ხატიაშვილს ეძლევა 1 თვის ვადა, რომ 90 000 აშშ დოლარად გამოისყიდოს ბინა;
  • მარინე ხატიაშვილმა აიღო პასუხისმგებლობა, რომ ის და მისი მხარდამჭერები შეწყვეტენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ და მორალურ ზეწოლას, შანტაჟსა და მუქარას დარეჯან დვალის და მისი ოჯახის წევრების მიმართ, როგორც მედიასაშუალებებში ასევე სოციალურ ქსელებსა და პირად გზავნილებში;
  • მარინე ხატიაშვილმა აიღო ვალდებულება რომ დარეჯან დვალს არ შეუშლის ხელს მისი ბინით თავისუფლად სარგებლობაში;
  • დარეჯან დვალმა აიღო პასუხისმგებლობა რომ სასამართლოდან გამოიხმოს სარჩელი მარინე ხატიაშვილისთვის ყოველთვიური ქირის დაკისრების შესახებ (რაც ჯამში 20 000 აშშ დოლარია).

„იმედის“ ეთერში ადვოკატმა აღნიშნა, რომ შეთანხმება წერილობით შედგა.

„პუბლიკასთან“ საუბარში მარინა ხატიაშვილი ამბობს, რომ დოკუმენტი ნოტარიულად დამოწმებული ჯერ არ არის. მისი თქმით, ის თანხის გადახდაზე თანახმაა, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს პუქნტზე, რომელში საუბარია, რომ მარინა ხატიაშვილმა მხარდამჭერების ქმედებებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

„შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი ძალიან მარტივს. ნოტარიუსთან ჯერ არ მივსულვართ, გუშინ ღამე თვითონვე დაწერეს, მე იქ საერთოდ არ ვყოფილვარ მაგ განცხადების დაწერაში ჩართული, დაწერეს, წამიკითხეს იმიტომ, რომ სათვალეც არამაქვს და მე ვთქვი, რომ ხვალ მივიდეთ ნოტარიუსთან, გავერკვეთ დანარჩენ ყველაფერში.

შეთანხმებაში წერია, რომ ერთი თვის ვადაში ამ ხალხს გადავუხდი იმ თანხას, რაზედაც არასოდეს არ მითქვამს უარი და 5 წელია ვიხვეწები, თანხა აიღეთ და წადით-მეთქი. 70 000-ის მობილიზება მოვახერხეთ, არ ვიცი, ის 20 ათასი როგორ უნდა შევაგროვოთ… ამის პარალელურად, ბიჭები არიან დაჭერილი, უამრავი ჯარიმაა გამოწერილი, ეს ჯარიმები ჩემი ოჯახის გადასახდელია… პლუს რასაც სუხიტაშვილი [ადვოკატი] აკეთებს განცხადებას, რომ მე თურმე უნდა გავაჩერო „ანგაჟირებული ახალგაზრდები“ და სოციალური ქსელები, ეგეთი რამე იქ არ ეწერა და ვერ ეწერებოდა, ასეთ რამეს ხელს ვერ მოვაწერ ვერასდროს, რომ მე გავაჩერებ მიწისძვრას“, – უთხრა მან „პუბლიკას“.

შეკითხვაზე, ადვოკატის მიერ ჩამოთვლილ პირობებს გააფორმებს თუ არა ნოტარიუსთან ოფიციალურად, მარინა ხატიაშვილი ამბობს, რომ გააფორმებს, მაგრამ იმას, რომ ის პასუხისმგებლობას აიღებს მხარდამჭერებზე, ამას ვერ შეაჩერებს.

„ამაზე გავაფორმებ, მაგრამ იმაზე, რომ მე გავაჩერებ მიწისძვრას, და რომ გავაჩერებ, რომ სოციალურ ქსელებში ადამიანები აღარ დაწერემ არაფერს… მე ამის გაჩერება აღარ შემიძლია.

მე დარეჯან დვალს არ ვერჩი არაფერს, მე ვერჩი უკანონო კანონებს, რომელიც არ შეიცვალა 12 წელში. ვამბობდი, რომ არ ვარ პოლიტიზირებული, არ გვინდა ესკალაცია, არ ვერჩი არავის, მოვიფიქროთ-მეთქი, აღსრულების სამსახურიც იყო ჩართული ამაში და ეს კატასტროფა რომ დატრიალდა, მერე გადაწყვიტეს, რომ ჩქარა მოვლაპარაკდეთო. კი ბატონო, მოველაპარაკები, მე ყოველთვის თანახმა ვიყავი ფულის დაბრუნებაზე და არასდროს მოხდა ეს ამბავი. რანაირად შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ აგორებულ ტალღას შევაჩერებ მე, ვერ შევაჩერებ, სხვა ადამიანის ქმედებაზე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას“, – თქვა მან.