თბილისში, კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ძალის გამოყენებით გამოასახლა.
გამოსახლების შემდეგ ხატიაშვილების ოჯახი და მათი მხარდამჭერები კეკელიძის ქუჩაზე რჩებიან და აქციას მართავენ. შეკრებილებს სიტყვით მიმართა მარინა ხატიაშვილმა.
„არ უნდა დავიშალოთ. მობრძანდეს, ეს მესამედ მოსული კაცი აქ. ქალბატონი თეა წულუკიანი, რომელიც სტრასბურგის საქმეზე კონსულტაციებს მიწევდა და ყველაფერი იცის. ხალხო, ჩვენ უნდა დავდგეთ და დავამთავროთ ნაც-ქოცური კოალიცია.
ჩემი წინაპრების ნივთებიც არ გამომიტანია სახლიდან. რომ გამომათრიეს, წავიქეცი, კეფა დავარტყი, ერთი პატარა ზურგჩანთა მეჭირა, ისიც დავკარგე, სანამ მომათრევდნენ. სასწრაფოში გავახილე თვალი.
ასეთი თავისუფალი მე არასოდეს ვყოფილვარ, მე არაფერი არ მაქვს. მე ამ პლანეტაზე არ დავიკარგები.
ნაცები, ნაყიდი ოპოზიცია რომ უზის ბიძინას ჯიბეში, უნდა დასრულდეს ეს დრო. ჩვენ ვართ ოპოზიცია, მოვიდეს და დამელაპარაკოს.
მე ერთადერთს ვითხოვ, არ დავიშალოთ, შევენაცვლოთ ერთმანეთს.
ბიძინა, ხალხის ნუ გეშინია, შვეიცარიული ბანკები და მასონები კი არ არის შენი პრობლემა, მე ვარ შენი პრობლემა და ეს ხალხია შენი პრობლემა.“ – განაცხადა მარინა ხატიაშვილმა.
გამოსახლებამდე, დილის 9 საათიდან კეკელიძეზე ოჯახის მხარდამჭერები შეიკრიბნენ, ისინი მშვიდობიან წინააღმდეგობას უწევდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს და აპროტესტებდნენ გამოსახლების გადაწყვეტილებას. წინააღმდეგობის მიუხედავად, ბიურომ იძულებითი აღსრულების ღონისძიება სისრულეში მოიყვანა და ოჯახი ძალის გამოყენებით გამოიყვანა ბინიდან.
კეკელიძის 1 ნომერში იპოთეკით დაზარალებული მარინა ხატიაშვილის ოჯახი ცხოვრობს. მან „საქართველოს ბანკიდან” თანხა 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს თვე-ნახევრის ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკარებთან გადაამისამართა – საბოლოოდ ხატიაშვილებმა „საქართველოს ბანკს“ 10-წლიან $20 000 სესხში, 5 წელიწადში გადაუხადეს $43 000. კერძო იპოთეკარებისთვის კი მთლიანობაში გადახდილი აქვთ $80 000. ოჯახს მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს. აღსრულების ბიურომ ოჯახის გამოსახლება გასულ წლებში რამდენჯერმე სცადა.