მარიუპოლის ჰუმანიტარული დერეფნის მეშვეობით კიდევ 344 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა - ვერეშჩუკი

პუბლიკა

მარიუპოლში გაკეთებული ჰუმანიტარული დერეფნის მეშვეობით წუხელ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ ერთი კოლონის გამოყვანა მოხერხდა. უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკის თქმით, მარიუპოლიდან, მანგუშიდან, ბერდიანსკიდან, ტოკმაკიდან და ვასილივკიდან 344 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

„ყველა მათგანი ზაპოროჟიაშია. ჩვენი კიდევ ერთი პატარა გამარჯვება. მადლობა გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლებს! მადლობა ჰუმანიტარული კოლონის თანამშრომლებს: მძღოლებსა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის შემადგენლობას. მარიუპოლში ჰუმანიტარული ოპერაცია გრძელდება“, – წერს ირინა ვერეშჩუკი.

ოთხშაბათს მარიუპოლიდან კიდევ ერთი ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზება მოხერხდა, მაშინ საბოლოოდ ზაპოროჟიაში 127 ადამიანი ჩავიდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან. „აზოვსტალში“ კი რუსების შტურმი გრძელდება. აგრესორი სამხედროები ქარხნის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და უკრაინული მედიის ცნობით, იქ მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს.