რუსეთმა მარიუპოლში მყოფ სამხედროებს ულტიმატუმი წაუყენა, რომ იარაღი დაყარონ, მაგრამ ქალაქის ხელმძღვანელობის განცხადებით მარიუპოლის მცველები დანებებას არ აპირებენ.
„შაბათ საღამოს ოკუპანტებმა განგვიცხადეს, რომ დარჩენილი სამხედროებისთვის „დანებების დერეფანს“ გააკეთებდნენ. მაგრამ დღეს ქალაქის მცველები განაგრძობენ მარიუპოლის დაცვას“, – წერს მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშჩენკო.
ასევე, მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ უკრაინელი სამხედროები მხოლოდ „აზოვსტალშიღა“ არიან გამაგრებულები. ანდრიუშჩენკოს თქმით, წუხელ ბრძოლა მიდიოდა ტაგანროგის ქუჩაზე, რომელიც „აზოვსტალიდან“ 5 კილომეტრითაა დაშორებული.
დღეს საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა მარიუპოლში გამაგრებულ უკრაინელ სამხედროებს კიდევ ერთხელ წაუყენა დანებების ულტიმატუმი.
ხოლო რუსული პროსახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, რუსებმა მოითხოვეს, რომ დღეს უკრაინის დროით 13:00 საათამდე ყველას დაეყარა ქალაქში იარაღი.