მარიუპოლის საავადმყოფოს დაბომბვისას დაჭრილი ერთ-ერთი ორსული გარდაიცვალა - მედია

პუბლიკა

რუსული სამხედრო ძალების მიერ მარიუპოლის სამშობიაროსა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვისას დაჭრილი ორსული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი, ასია დოლინა ავრცელებს.

ჟურნალისტის ინფორმაციით, ქალის და მისი მუცლად მყოფი შვილის გარდაცვალებას ადასტურებს Associated Press-ის ფოტოგრაფი, ევგენი მალოლეტკა. სწორედ მან გადაიღო 9 მარტს ფოტო, რომელიც ასახავს დაჭრილი ქალის საკაცით გაყვანას დაბომბილი საავადმყოფოს ტერიტორიიდან.

კიდევ ერთმა ფეხმძიმე ქალმა, რომელიც ფოტოგრაფმა საავადმყოფოს დაბომბვის შემდეგ გადაიღო, მარიანა პოდგურსკაიამ სამი დღის წინ გოგონა გააჩინა.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამტკიცებდა, რომ მარიუპოლის სამშობიაროში „აზოვის“ ბატალიონი დაბომბეს და არა მშვიდობიანი მოსახლეობა.