მარიუპოლის მერის თანაშემწე: ყალბია 36-ე ბრიგადის გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება

პუბლიკა

განახლება: ქალაქ მარიუპოლის მერის თანაშემწე პეტრო ანდრიუშჩენკო აცხადებს, რომ ქვეითების Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება ყალბია, რადგან გვერდი გატეხეს.

შესწორება: თავდაპირველად მასალა გამოქვეყნდა სათაურით – „მარიუპოლში ალბათ ბოლო ბრძოლა გვექნება. გაგვიხსენეთ კეთილი სიტყვებით – საზღვაო ქვეითები“. ეს ინფორმაცია გაავრცელა საერთაშორისო მედიამაც, მათ შორის BBC-მა. მოგვიანებით მარიუპოლის მერის თანაშემწე პეტრო ანდრიუშჩენკომ გავრცელებულ ცნობებს „36-ე  ბრიგადის უკანასკნელი ბრძოლის შესახებ“ ყალბი უწოდა. მისი თქმით, Facebook-გვერდი გატეხეს.

როგორც BBC წერს, ექსპერტთა ნაწილი გამოქვეყნებული პოსტის ნამდვილობას სკეპტიკურად უყურებდა, ნაწილი კი მის ავთენტურობაში დარწმუნებული იყო.

„რუსებმა დროებით დაიკავეს ქალაქის ნაწილი. უკრაინელი ჯარისკაცები ქალაქის ცენტრალური და სამხრეთ ნაწილის დაცვას აგრძელებენ, ასევე ინდუსტრიული არეალების და ა.შ.“, – განაცხადა ქალაქის მერმა სერჰიი ორლოვმა.

„დღეს ალბათ უკანასკნელი ბრძოლა გვექნება… შედეგი ზოგისთვის სიკვდილი, ზოგისთვის კი ტყვეობა იქნება“, – ეწერა უკრაინის 36-ე საზღვაო ბრიგადის  Facebook-გვერდზე. ამავე გვერდზე ეწერა, რომ საზღვაო ბრიგადა 47 დღე იცავდა მარიუპოლს, თუმცა რესურსები ამოწურვადია და შეუძლებელია უკრაინამ ქალაქი შეინარჩუნოს.

„ისინი, ვისაც კიდურები კვლავ შენარჩუნებული აქვს, ბრძოლაში დაბრუნდებიან. ქვეითები დაიღუპნენ და სროლაში ახლა მონაწილეობენ არტილერიის წევრები, ანტისარაკეტო ძალები, რადიოს ოპერატორები, მძღოლები და მზარეულები, ორკესტრიც კი. თანდათან ვუახლოვდებით დასასრულს“, – ვკითხულობთ განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნული იყო, რომ ალყის გარღვევის შანსები არსებობდა, მაგრამ სისულელეების გამო ვერ განხორციელდა – „არავის უნდა ჩვენთან კომუნიკაცია, რადგან ჩვენ უკვე განწირული ვართ… დღეს ალბათ უკანასკნელი ბრძოლა იქნება… შედეგი ზოგისთვის სიკვდილი, ზოგისთვის კი ტყვეობა იქნება. არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ გთხოვთ, გახსოვდეთ საზღვაო ქვეითები და კეთილი სიტყვით გაიხსენოთ. რაც არ უნდა მოხდეს შემდეგში, ცუდს ნუ იტყვით საზღვაო ქვეითებზე. მათ გააკეთეს შესაძლებელი და შეუძლებელიც. რადგან ჩვენ სამუდამოდ ერთგულები ვართ. 11.04.2022“, – წერია საზღვაო ქვეითების გვერდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვითარება მარიუპოლში გაცილებით უარესია ბუჩისა და კიევის ოლქთან შედარებით.