მარიუპოლში ერთ-ერთი ძველი ქარხნის ტერიტორიაზე კიდევ 70 ადამიანის გვამი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშენკო ავრცელებს.
„მათი სიკვდილის მიზეზი იგივეა – ხალხი დაბომბვისას შენობის ნანგრევებში მოჰყვა. დაღუპულთა ცხედრები პოლიეთილენის ჩანთებში ჩააწყვეს და სოფელ ძველი ყირიმის მახლობლად მოწყობილ მასობრივ სასაფლაოზე დამარხეს.
დაღუპულთა იდენტიფიცირება არ მომხდარა, თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათი სხეულების იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო.
მარიუპოლში რუსული ბომბების მიერ გაჩენილი კიდევ რამდენი მსგავსი სასაფლაო დარჩა აღმოსაჩენი? ათზე ნაკლები? ათობით? ასობით?“ – წერს ანდრიუშენკო.
რამდენიმე დღის წინ მარიუპოლში მორიგი შენობის ნანგრევების გათხრისას 200 გვამი იპოვეს. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ საოკუპაციო ძალებმა ქალაქის ნანგრევებისგან გაწმენდა დაიწყეს, რის შემდეგაც არაერთი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.